ირაკლი კობახიძე უარყოფს გაზეთ „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავით გარეჯთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ მან თქვა, რომ „ამ წლების განმავლობაში“ საზღვრების დემარკაცია დელიმიტაციის კუთხით ცვლილება არ ყოფილა, არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით.

„არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა, შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი გასული წლების განმავლობაში დემარკაცია დელიმიტაციის კუთხით, დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა“, – ამბობს კობახიძე.

ჯორბენაძის მტკიცებით, კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი. ჯორბენაძეს აღნიშნულის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი არ წარმოუდგენია და თქვა, რომ დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.

„რაც შეეხება ზოგადად დემარკაცია დელიმიტაციას, მათ შორის გარეჯის მონაკვეთს, არავითარი არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი“, – ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება კითხვას, დაიბარეს თუ არა ირაკლი კობახიძე გამოკითხვაზე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ის ამბობს, რომ ჯორბენაძე „ტრაგიკული პიროვნებაა“, და მას „ძალიან მარტივი ტყუილი“ გაავრცელებინეს.

„პროკურატურამ ვინც ჩათვალა საჭიროდ, ის დაიბარა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, ადამიანები გამოვიდნენ კონკრეტული ბრალდებებით, რაც არ უნდა არასერიოზული იყოს ეს ბრალდება, მაინც, რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს პასუხისმგებლობა დაიბაროს ადამიანები, გამოკითხოს ისინი“, – ამბობს კობახიძე.

ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?

ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.

მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

პროკურატურამ თქვა, რომ საქმეზე გამოიკითხებიან: ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური; ირაკლი ღარიბაშვილი.

უწყება ასევე ამბობს, რომ „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი.