“პირველი ადამიანები, რომელთა გაჩუმებასაც ავტორიტარები ცდილობენ, პოლიტიკოსები არ არიან. ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც სვამენ კითხვებს, ხელოვანები, რომლებიც უარს ამბობენ მარტივ პასუხებზე, კინორეჟისორები, მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები…“, – ეს განცხადება ვენეციის კინოფესტივალზე გააკეთა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ.

83-ე ვენეციის კინოფესტივალზე ჯორჯ კლუნის გადაეცა საპატიო „ოქროს ლომი“ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის. სწორედ ამ ჯილდოსთვის გადაიხადა მადლობა კლუნიმ.

მან სამადლობელ სიტყვაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და განსხვავებულობის მიღებაზე.

“ამ ადგილში [ვენეციაში] არის რაღაც არაჩვეულებრივი. 90 წლის განმავლობაში აქ მოდიოდნენ ადამიანები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ვერ თანხმდებიან პოლიტიკაზე, ვერ თანხმდებიან რელიგიაზე და მით უმეტეს – ენაზე.

და მაინც, ყველანი აქ ვართ, ვენეციაში, ამ ტაძარში, სადაც ჩემი ცხოვრების რამდენიმე ყველაზე დაუჯერებელი მომენტი მაქვს გატარებული და ასევე რამდენიმე საეჭვო ქცევა.

მაგრამ აი, რა ვისწავლე ამ წლების განმავლობაში.

არავინ იცინის სხვადასხვა ენაზე, არავინ ტირის სხვადასხვა ენაზე. მშობლები ერთნაირად ნერვიულობენ, ბავშვები ერთნაირად ოცნებობენ. სიყვარული საოცრად ერთნაირად გამოიყურება ყველა ენაზე, რაც ართულებს იმის დაჯერებას, რომ ისეთი განსხვავებულები ვართ, როგორსაც მუდმივად გვეუბნებიან.

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი და ყველაზე მეტი ფულის მქონე ადამიანები გვეუბნებიან, რომ ერთმანეთის უნდა გვეშინოდეს

მაგრამ ჩვენ ხომ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე ეს არის, არა? იმის გამო, რომ ისტორია გვასწავლის გაკვეთილს.  პირველი ადამიანები, ვისი გაჩუმებასაც ავტორიტარები ცდილობენ, პოლიტიკოსები არ არიან. ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც სვამენ კითხვებს, ხელოვანები, რომლებიც უარს ამბობენ მარტივ პასუხებზე… კინორეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები და მუსიკოსები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ, რომ ვინმე, ვისაც არასდროს შეხვედრიხართ, ვინმე, ვისაც საერთოდ არ იცნობთ, იმსახურებდეს თქვენს თანაგრძნობას.

ისტორიები ყოველთვის სახიფათოა მათთვის, ვინც შიშით ვაჭრობს.

ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ წიგნების, მუსიკისა და ისტორიების, არასოდეს ყოფილან ისტორიის გმირები.

ჰო, ფილმები არ აჩერებენ ომებს, არ ამცირებენ ინფლაციას და არ აწესრიგებენ არჩევნებს.

მაგრამ ისინი აკეთებენ რაღაც საოცარს.

ისინი გვახსენებენ, რომ უცხო არასდროსაა უცხო და რომ ის შეიძლება უბრალოდ გმირი იყოს სხვის ისტორიაში.

და თუ ჩვენ კვლავ შეგვიძლია ერთად ვისხდეთ სიბნელეში [კინოდარბაზში] და ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებსაც არასდროს შევხვედრილვართ, ვფიქრობ, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება.

აი, რატომ არის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი.

ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ ოთახში სხედან და ორ საათს ატარებენ სამყაროს სხვისი თვალით დასანახად”, – თქვა ჯორჯ კლუნიმ.

ჯორჯ და ამალ კლუნები

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ და ამალ კლუნები არიან დამფუძნებლები ფონდისა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცავს რეპრესირებულ და პოლიტიკურად დევნილ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. ფონდი მონიტორინგს უწევდა ნეტგაზეთისა და “ბათუმელების” თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პრცოცესსაც და შემაჯამებელი დასკვნაც გამოაქვეყნა.  ამ დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას.

ვენეციაში ერთ-ერთ მასტერკლასზე ჯორჯ კლუნიმ ასევე ისაუბრა ამ ფონდისა და მისი ცოლის, იურისტ ამალ კლუნის შესახებ.

“იცით, დაბადებით, იღბლით, ყველა იმ ფაქტორით, რამაც ამ დარბაზში მოგვიყვანა და იმ პოზიციებში ჩაგვაყენა, რომლებშიც ახლა ვართ – არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ასეთივე მომენტები და იღბალი არ ჰქონია. შენ შეიძლება დაიბადო ომის ზონაში, დაიბადო შიმშილობის ადგილას, დაიბადო იქ, სადაც ქალებს საშინლად ეპყრობიან ან ჟურნალისტებს აპატიმრებენ.

და… ამ ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული იღბალი.

ასე რომ, ჩვენი საქმეა, ვიყოთ ამ პრობლემის გადაჭრის ნაწილი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და ხშირად განვიცდით მარცხს, როგორც… როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი.

მე ვცდილობდი მიმექცია ყურადღება დარფურის [სუდანში] კრიზისისთვის 2004 წლიდან მოყოლებული.

ტრაგედიებში ერთი უცნაური რამ არის. ჩვენ ყველას გვგონია, რომ როგორც კი ხალხი მათ შესახებ შეიტყობს, ყველაფერი შეწყდება. გაჩერდება. რატომ უნდა გააგრძელო ადამიანების კვლა, თუკი ამის შესახებ ყველამ ვიცით? მაგრამ ეს ასე არ არის, ყველაფერი სხვანაირად ხდება.

დიდხანს ვცდილობდი, ეს ხმა ძალიან ხმამაღალი ყოფილიყო და ამაში წარმატებას მივაღწიე კიდეც, თუმცა დიდი წარმატება არ მქონია მის შეჩერებაში, ან მით უმეტეს დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაში.

20 წლის შემდეგ, ჩემმა მეუღლემ ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანების ნაწილი სასამართლოს წინაშე წარადგინა და ციხეში ჩასვა.

ასე რომ, დიახ, მან ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა.

სხვათა შორის, ჩემი მეუღლე ერთადერთი ადამიანია, ვინც ISIS-ი სასამართლოში წარადგინა და პროცესი მოიგო. ვგულისხმობ, რომ ის ძალიან ძლიერია და საქმეს ყოველთვის ბოლომდე აკეთებს, დიახ.

კიდევ ერთხელ, ყველანი ამ დარბაზში ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. ამას ვაკეთებთ ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის. თუკი შეგვიძლია ამის უფრო ფართო მასშტაბით გაკეთება, ვაკეთებთ კიდეც. თუკი უფრო დიდი ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი) მოგეცემათ და ამის სურვილი გაქვთ, მე მჯერა ამის.

შეხედეთ, ადამიანები იტყვიან, ყოველთვის მოისმენთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „მოკეტეთ, მსახიობებო! ნუ ლაპარაკობთ!“ შენ კი პასუხობ: „დიახ, მაგრამ მე არ მითქვამს უარი ჩემი სიტყვის თავისუფლებაზე იმ წამსვე, როდესაც მსახიობი გავხდი“.

სხვათა შორის, ეს ასევე ნიშნავს, რომ ადამიანები შეიძლება შენზე გაბრაზდნენ და აღარ მოსწონდე. ეს სამართლიანია, ასე მუშაობს ეს სისტემა. შენ არ შეგიძლია მოითხოვო სიტყვის თავისუფლება და შემდეგ თქვა: „მაგრამ ჩემზე ცუდი არაფერი თქვათო“.

ასეა, არა? ეს არის შეთანხმება.

ამის გათვალისწინებით, თუკი გეძლევა ეს შესაძლებლობა და ეს მიკროფონი, და შენ ხარ ინფორმირებული ამ საკითხზე, და… ეს არის ის, რაც გაღელვებს, მაშინ გაქვს სრული უფლება და ხანდახან პასუხისმგებლობაც კი, რომ ხმა აიმაღლო.

და ამას მოჰყვება… იცით, მე ვიღებ ბოროტ პოსტებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგანაც კი. არა უშავს, ამას გავუმკლავდები. ყველაფერი რიგზე იქნება, კარგად ვიქნები.

თუმცა, ეს ცხოვრების ნაწილია. ძალიან შემრცხვებოდა, ჩემი ცხოვრების ბოლოს რომ მიმეღწია და გზად რამდენიმე ადამიანი მაინც არ გამეღიზიანებინა.

მოდით, მეგობრებო, ეს ხომ ჩვენი საქმეა… ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც უღირს საქციელს ჩაიდენს და შენ უნდა იყო ის ადამიანი, რომელიც იტყვის: „შეწყვიტე ეს! შეწყვიტე!“

და… ხანდახან მარცხდები. ხშირად მარცხდები, ალბათ უფრო მეტჯერ მარცხდები, ვიდრე იმარჯვებ. ჩვენს ფონდს… დიდი წარმატებები აქვს: ახლა უკვე ასი ჟურნალისტი გამოვიყვანეთ ციხიდან. ეს ჩვენთვის დიდი საქმეა და ძალიან ვამაყობთ ამით, თუმცა ათასობით მათგანი კვლავ ციხეში რჩება.

ჩვენ ვმარცხდებით. ვმუშაობთ ამაზე და გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არ ნიშნავს, რომ მცდელობა უნდა შეწყვიტო, მაგრამ ეს ძალიან დიდი მწვერვალია დასაპყრობად.

ასე რომ… ჩვენ ვტკბებით წარმატებებით და კბილებით მივიწევთ წინ წარუმატებლობების მიუხედავად, ამ გზაზე”, – განაცხადა ჯორჯ კლუნიმ.