სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი არ დგას და არც არასდროს მდგარა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის მიერ ვიზების დაწესება თავად სომხეთის ინტერესებს დააზარალებს.
შეკითხვაზე, არის თუ არა სომხეთის დღის წესრიგში მსგავსი საკითხი, რის გამოც მოსკოვიდან ასეთი განცხადებები ისმის, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა:
„აბა ვინ განიხილა მსგავსი რამ? ჩვენ აბსოლუტურად არც გვაქვს და არც არასდროს გვქონია ამის გაკეთების განზრახვა, არც ფიქრად მოგვსვლია. პირიქით – ჩვენ დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს და ვხედავთ, რომ ახლა ისინი სომხეთის ტურისტული უპირატესობების პოპულარიზაციის ძალიან აქტიური მონაწილეები გახდნენ. სომხური საზოგადოებაც დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით იღებს ამ ადამიანებს, ისინიც, როგორც ჩანს, ცუდად არ გრძნობენ თავის სომხეთში, ჩვენც მოხარულნი ვართ – ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შემთხვევაში. მსგავსი რამ ფიქრად არასდროს მოგვსვლია, ჩვენ ამის მიზეზი არ გვაქვს“.
ზახაროვას განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ბოლო პერიოდში სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებისა და რუსეთისგან დისტანცირების საკითხებზე დისკუსია გააქტიურდა.
რუსებისთვის სომხეთის მიერ ვიზების შესაძლო დაწესების თემა ივლისის ბოლოს გაჩნდა. 30 ივლისს ევროპარლამენტის წევრმა ფერნან კარტჰაიზერმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთს შესაძლოა მოსთხოვონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთება.
სომხეთის ოფიციალურ მონაცემებში ამჟამად რუსეთის მოქალაქეები კვლავ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შორის არიან, რომლებსაც სომხეთში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამონათვალში რუსეთის ფედერაცია უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორისაა და აღნიშნულია, რომ ეს რეჟიმი ყველა ტიპის პასპორტზე ვრცელდება.
ამასთან, სომხეთი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობს. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივლისში განაცხადა, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულებას განიხილავს.
რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში დაძაბულობა ბოლო პერიოდში ასევე დაკავშირებულია ერევნის ევროკავშირთან დაახლოების კურსთან. მოსკოვმა არაერთხელ გააკრიტიკა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივა. ივლისში ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს სთხოვა, რუსეთში სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების საკითხის მოგვარებაში დახმარებოდა. თუმცა, იმავე საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს.
