„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ანი წითლიძე და ბესო შენგელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან მივიდნენ და უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
ანი წითლიძემ თქვა, რომ პარტიამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა მტკიცებულებები, როგორ აწვდის „ქართული ოცნება“ რუს სამხედროებს საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში.
მან საბჭოს წევრებს განცხადების გაკეთების შემდეგ 15 წუთი მისცა და თქვა, რომ თუ შესახვედრად არ გამოვიდოდნენ, შენობაში თავად მიაკითხავდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიმბოლურად ადგილზე მიიტანა ბენზინის ავზიც:
„ამით ქართული ოცნება ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს და ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში. […] ამ შენობაში ზის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სხედან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და თითოეული დევნილის კეთილდღეობაზე. ამ ადამიანებს, რომლებიც აქ ყრიან წლებია, 80 მილიონზე მეტი ლარი აქვთ დაფინანსება ბიუჯეტიდან და ათასობით ლარი აქვთ ხელფასი მაშინ, როდესაც დევნილების შემწეობა არის თვეში 45 ლარი. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა არც ერთხელ არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ქართული ოცნების მოღალატეობრივ პოლიტიკაზე.
მინდა ამ ადამიანებს მივმართო ამ შენობაში – ჯემალ გამახარიას, ვახტანგ ყოლბაიას, თამაზ ხუბუას, რაულ ცატავას, დავით ფაცაციას… კეთილი ინებეთ ახლა, ჩამოდით და გაგვეცით პასუხი, რატომ ხართ ჩუმად, რატომ მონაწილეობთ ქართული ოცნების მოღალატეობრივ პოლიტიკაში, რატომ უწყობთ ხელს, რომ ქართულმა ოცნებამ საწვავი შეიტანოს ოკუპირებულ აფხაზეთში და მისცეს ის რუს სამხედროებს და რატომ არ გადარდებთ ის, რომ დევნილების დახმარება 45 ლარია და თქვენ ჯიბეებს ივსებთ ათასობით ლარით“, – თქვა წითლიძემ.
როგორც წითლიძის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, შენობაში სიტყვიერი დაპირისპირება იყო:
