შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აცხადებს, რომ 1 795-მა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

NAEC-ის მონაცემებით, 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. აქედან:
  • 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • 1 795-მა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო;
  • 3 744-მა აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
NAEC გასცემს რეკომენდაციას, რომ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება – „როდესაც მათი შედეგები, კონკრეტულ პროგრამაზე არსებული კონკურსის გამო არასაკმარისია ჩარიცხვისთვის, მათ უნდა მიუთითონ ცნობარის ჩამონათვალში არსებული სხვა პროგრამები, რაც ზრდის ჩარიცხვის შანსებს“.
ცენტრი აღნიშნავს, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა,  ქულების გათვალისწინებით საბოლოო ცვლილებები განეხორციელებინათ პროგრამათა რეიტინგულ სიაში. ეს ვადა აბიტურიენტებისთვის უკვე ამოწურულია – საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები ცენტრმა 19 აგვისტოს გამოაქვეყნა, შესაბამისად, ვადა 20 აგვისტოს, 18:00 საათზე ამოიწურა.
რაც შეეხება დაფინანსებას, NAEC წერს, რომ „რეფორმის შედეგად“ 34 150 აბიტურიენტიდან სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით განაგრძობს 20 679 (60.55 %) აბიტურიენტი, მათგან:
  • საბაკალავრო პროგრამები/სახელმწიფო – 17862 (52.30%)
  • პროფესიული პროგრამები/სახელმწიფო – 1322 (3.87%)
  • ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო – 1495 (4.38%)
„ცენტრი მოუწოდებს კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: