პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედანი“ სპეციალურ კამპანიას იწყებს იმ აბიტურიენტების მხარდასაჭერად, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სურთ, გადალახეს მინიმალური ბარიერი, თუმცა არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გამო ვერსად ჩაირიცხნენ.
განათლების სპეციალისტი და მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი სიმონ ჯანაშია უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს ნეტგაზეთთან მწვავედ აკრიტიკებს და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
„თავისუფლების მოედნის“ ინიციატივა აბიტურიენტებისთვის
სიმონ ჯანაშიას განმარტებით, მოძრაობამ გადაწყვიტა დაუკავშირდეს იმ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის სურვილი აქვთ და გამოცდების შედეგებით დაადასტურეს, რომ ამის შესაძლებლობაც გააჩნიათ.
„ჩვენ ვიწვევთ მათ, რომ გამოგვეხმაურონ. ‘თავისუფლების მოედნის’ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულია კითხვარი. თუ ამ კითხვარს შეავსებენ, მერე ჩვენ მათთან ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ წელსვე მიეცეთ შანსი, რომ ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში“, – აცხადებს ჯანაშია.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად მთავარი გზა მმართველ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლაა, თუმცა ეს პროცესი მხოლოდ აბიტურიენტების ძალისხმევით ვერ შემოიფარგლება: „ზეწოლა უნდა მოხდეს არა მხოლოდ აბიტურიენტების მიერ, არამედ უნივერსიტეტების მიერაც და, ცხადია, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.“
ჯანაშია პარალელს ავლებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლის გარშემო არსებულ პროტესტთან: „თუ ასეთივე სოლიდარობას აჩვენებს საზოგადოება, თუ იქნება ზეწოლა, მაშინ ძალიან რთული იქნება ‘ოცნებისთვის’, რომ არ დაიხიოს უკან.“
მისი ხედვით, აუცილებელია უნივერსიტეტებს მიეცეთ უფლება, გახსნან დამატებითი ადგილები და გამოაცხადონ მეორადი ჩარიცხვები იმ პირებისთვის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ჩაბარებული აქვთ და სხვადასხვა საგანში დადებითი ქულები უფიქსირდებათ.
„გაუგებარი კვოტები“
განათლების სპეციალისტი არსებულ პოლიტიკას არასწორს უწოდებს და მაგალითად მოჰყავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც, მისი თქმით, 4 000 ადგილის ნაცვლად წელს მხოლოდ 400 ადგილი გამოიყო, რაც, ჯანაშიას განცხადებით, გაუგებარი მიზეზით მოხდა.
„მაგალითად, რატომ ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1700 ადამიანის ჩარიცხვის შესაძლებლობა ბიზნესის მიმართულებით და ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ნული ადგილი? ანუ რამ გადაწყვიტა ეს, რომ, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა სჯობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამას? მე მგონი, რომ უბრალოდ უნდა დაამატონ ადგილები აქ“, – აღნიშნავს განათლების მკვლევარი.
ჯანაშია ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ქვეყანაში დარჩენილია თავისუფალი ადგილები, რომლებიც სპეციალურად ისე დაიგეგმა, რომ არ შევსებულიყო. მაგალითად, სატყეო მიმართულებაზე სპეციალურად გამოყვეს ასი ადგილი მაშინ, როცა წინასწარ იყო ცნობილი, რომ იქ ჩაბარების მსურველები არ იქნებოდნენ. სამაგიეროდ კი, ადგილები შეამცირეს ისეთ მოთხოვნად მიმართულებებზე, როგორიცაა სამართალი და ბიზნესი.
როგორც ის განმარტავს, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ღიად აფიქსირებენ, რომ არ ეთანხმებიან ამ რეფორმასა და პროგრამების გაუქმებას: „არანაირი ლოგიკა არ არის პროგრამების გაუქმებაში და მე მგონი, რომ ეს განწყობა თავისთავად არის მაჩვენებელი, რომ ამ ინიციატივას შემოუერთდებიან. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ნორმალური უნივერსიტეტი, რომელიც აბიტურიენტს, სტუდენტობის მსურველს უარს ეტყვის იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს შესაძლებლობა, რომ ასწავლოს.“
„ხელოვნური ბარიერები“
ჯანაშიას შეფასებით, ერთ მხარეს დგანან სწავლის უნარისა და სურვილის მქონე ბარიერგადალახული აბიტურიენტები და უნივერსიტეტები, რომლებსაც მათი მიღება სურთ, ხოლო მეორე მხარეს — „ქართული ოცნება“:
„მათ უპირისპირდებათ ‘ქართული ოცნება’, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, ვითომ ბაზრის კვლევიდან, ვითომ ეკონომიკის ინტერესებიდან თუ ვითომ რაღაც საზოგადოების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა ერთმანეთთან არ უნდა ითანამშრომლოს. ანუ უნივერსიტეტმა არ უნდა მიიღოს ეს სტუდენტები. უბრალოდ დანაშაულია, ხელს რომ უშლი ადამიანს, შევიდეს იმ უნივერსიტეტში, რომელიც მზად არის, რომ მიიღოს.“
მკვლევარი ფინანსურ რესურსებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება:
„სასკოლო ფორმებში გადაყრილი არის 45 მილიონი, რომელიც საკმარისი არის იმისთვის, რომ 20 000 სტუდენტი დააფინანსო. ანუ ახლა 17 000 სტუდენტს აფინანსებენ უნივერსიტეტში და ამას ზევით შეიძლება, რომ კიდევ 20 000 დაფინანსდეს, მაგრამ ამის მაგივრად უბრალოდ გადაყარეს ეს ფული.“
