ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის შეგზავნაზე უარი უხეშად არღვევს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებს და ცენზურის შემაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს.
საიას თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასაბუთება ცხადყოფს, რომ არსებული პრაქტიკა აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილის მიხედვით: „ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებელი“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.” წერილი დამატებით აღნიშნავს, რომ “გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი”.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტებთან და ადასტურებს ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის ინფორმაციის მიღების თვითნებურ შეზღუდვას, რაც ცენზურის გაუმართლებელ გამოვლინებად უნდა იქნეს მიჩნეული. პირები, რომელთაც თავისუფლება აღკვეთილი აქვთ, კვლავ სარგებლობენ ადამიანის უფლებებით. შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი პირების გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ინფორმაციის მიღების უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუ ასეთი შეზღუდვა კანონიერების, ლეგიტიმურობის და აუცილებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, რომელსაც საია იმოწმებს, სახელმწიფოს ორგანოებმა პატიმრებისთვის გაგზავნილი პუბლიკაციების გადაცემაზე უარის თქმისას უნდა მიუთითონ საკმარისი საფუძვლები, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც პუბლიკაციებზე წვდომის შეზღუდვას ამართლებს (მათ შორის, ძალადობისკენ წაქეზება ან მისი გამართლება, ციხის უსაფრთხოების ან წესრიგის საფრთხის ქვეშ დაყენება ან დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა). პუბლიკაციის შესაბამისი მონაკვეთები მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მათზე უნდა ჩატარდეს ისეთი ანალიზი, რომელიც გამოავლენს კონკრეტულ კავშირს დაცენზურებულ შინაარსსა და ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს შორის. ამის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია პუბლიკაციის შინაარსზე აბსტრაქტული მითითება, პრობლემატური პასაჟების იდენტიფიცირების და ანალიზის გარეშე.
„ცალსახაა, რომ წიგნის სათაურზე აბსტრაქტული მითითება ზემოთ მოყვანილ სტანდარტს უხეშად არღვევს. წარმოუდგენელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე არტისტულ გამოხატვას და მხატვრულ ლიტერატურას ეხება, სათაურის „ბუნდოვანება” ან მისი “ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შეუძლებლობა” იქნეს მიჩნეული პუბლიკაციის აკრძალვის საფუძვლად. ასეთი მიდგომა არ ადასტურებს შეზღუდვის აუცილებლობას და უხეშად არღვევს ინფორმაციის მიღების თავისუფლებას“, — აცხადებს საია.
ლაშა ბუღაძის წიგნი „დამკვირვებელი” დისტოპიური რომანია, რომელიც საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართველობას შეეხება. აგვისტოს დასაწყისში რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უარი განაცხადეს, რომ ნანა სანდერისთვის, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს და 2025 წლიდან პატიმრობაში იმყოფება 7-წლიანი განაჩენით, ლაშა ბუღაძის რომანი, „დამკვირვებელი“ გადაეცათ. პატიმრისთვის წიგნის შეგზავნას 6 აგვისტოს აქტივისტი გიორგი რომელაშვილი ცდილობდა. როგორც მან თავად ავტორს, ლაშა ბუღაძეს მოგვიანებით შეატყობინა, მოტივი იყო, რომ წიგნი „პოლიტიკურია“ და „მისი შეგზავნა პატიმართან არ შეიძლება“.
„პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება“ — პენ საქართველო
