სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიღებულია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, მასთან დაახლოებულ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფო საკუთრებიდან სხვადასხვა უძრავი ქონების უკანონოდ გატანასა და საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენაში მონაწილეობდა.
წარუკიანის შემდეგ, სომხეთიდან გასვლის უფლება არც რობერტ ქოჩარიანს მისცეს
გამოძიების ინფორმაციით, საუბარია, მათ შორის, ერევანში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და ობიექტებზე, სადაც მოგვიანებით „Play City“ და „Orange Fitness“ განთავსდა, ასევე „კაპუტაკ სევანის“ საკურორტო კომპლექსზე.
კომიტეტის ცნობით, ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტისთვის ქრთამის სახით გადაცემული იყო 56 უძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება 2.63 მილიარდ დრამს შეადგენდა. მეორე ეპიზოდში კი, გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მიწები საბაზრო ღირებულებაზე ოთხჯერ დაბალ ფასად გაიყიდა, რის სანაცვლოდაც ყოფილ პრეზიდენტს კომპანია „Toyota Yerevan“-ის 30%-იანი წილი გადაეცა.
საქმის ფარგლებში 6 პირია დაკავებული, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი.
გამოძიების ცნობითვე, უწყება ასევე სწავლობს 2001-2019 წლებში რობერტ ქოჩარიანის შვილის სახელზე განხორციელებულ დაახლოებით 144 მილიარდი დრამის, 309 მილიონი დოლარის, 77 მილიონი ევროსა და 18 მილიონი რუბლის ფულადი გადარიცხვების წარმომავლობას, ასევე სომხეთსა და საზღვარგარეთ სამ ათეულზე მეტი უძრავი ქონების შეძენის გარემოებებს.
ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ქონების შესაძლო გასხვისების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
