„მითების დეტექტორის“ განცხადებით, 2026 წელს მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა სოციალურ ქსელებში სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) გამოყენების პრაქტიკა კვლავ გამოავლინა.

„მითების დეტექტორის“ განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ პრაქტიკამ გარკვეული მოდიფიცირება განიცადა:

„ერთი მხრივ, უფრო აქტიურად გახდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ყალბი ანგარიშების პროპაგანდისტული ნარატივების მხარდასაჭერად კოორდინირებული გამოყენება, მეორე მხრივ, „მეტას“ პოლიტიკის გვერდის ავლის მიზნით, რომელიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას მის პლატფორმებზე ზღუდავს, კოორდინაციის ელემენტის მეინსტრიმულ სახელისუფლებო მედიაში გატანის ტენდენცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთო ჯამში, „მითების დეტექტორის“ განცხადებით, წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტური პროფილი გამოავლინა, რომელთა ფოტოები ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული.

მათივე განცხადებით, მონიტორინგი აჩვენებს, რომ აღნიშნული ანგარიშები სახელისუფლებო პოზიციების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმიტირებას ემსახურებიან და პროცესი კოორდინაციის ნიშნებს ატარებს.

„დაკვირვების თანახმად, აღნიშნული არაავთენტური ქსელის მობილიზება ძირითადად ორ სტრატეგიულ ხაზს მიჰყვება:

  • ერთი მხრივ, სოციალურად მგრძნობიარე შიდაპოლიტიკურ საკითხებს;

  • ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკურ და ისტორიულ რევიზიას“.

გთავაზობთ „მითების დეტექტორის“ პუბლიკაციას:

არაავთენტური ქსელის გააქტიურების ქრონოლოგია და თემატიკა

  • პროტესტი დიუშენის სინდრომის მედიკამენტების მოთხოვნით (აპრილი): „პირველი შემთხვევა აპრილში, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის საპასუხოდ წამოწყებულ კამპანიას უკავშირდებოდა, სადაც 47 ყალბი პროფილი ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ანგარიშები ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის“.
  • „დიფ სთეითი“ და „რუსოფობია“ (12 აგვისტო): „ყალბი პროფილების მეორე ტალღა 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ „დიფ სთეითსა“ და „რუსოფობიაზე“ გაკეთებული განცხადებების გავრცელებისას გამოვლინდა. სახელისუფლებო მედიის საინფორმაციო ბარათების რეაქციებში 230 AI-გენერირებული ანგარიში აქტიურობდა“.
  • გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება (18 აგვისტო): „18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი იმ პერიოდში საქართველოს გადარჩენისა და ქრისტიანულ დასავლეთთან კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო.„იმედისა“ და „ინტერპრესნიუსის“ საინფორმაციო ბარათების (1,2) რეაქციებში „მითების დეტექტორმა“ დამატებით გამოავლინა 157 ახალი ანგარიში, რომლებიც 12 აგვისტოს პოსტზე გამოვლენილ (230) იდენტურ ყალბ ანგარიშთან ერთად აქტიურობდნენ“.

„მითების დეტექტორის“ ანალიზით, აგვისტოში გამოვლენილ 387 საეჭვო ანგარიშს შემდეგი საერთო მახასიათებლები აერთიანებთ:

  • ანგარიშების შექმნის პერიოდების სინქრონიზაცია: „387 ანგარიშიდან 323 სწორედ 2026 წლის ივლის-აგვისტოში შეიქმნა. განსაკუთრებით შესამჩნევია ანგარიშების სინქრონული რეგისტრაცია 2026 წლის 18-24 ივლისის შუალედში (მათ შორის, 154 პროფილი შეიქმნა უშუალოდ 20 ივლისს). ამასთან, ქსელში ფიქსირდება შედარებით ადრე – 2024 წლის იანვარსა და მაისში გენერირებული ანგარიშებიც. 2024 წელს შექმნილი ანგარიშების შემთხვევაში, შესამჩნევია მათ მიერ განხორციელებული აქტივობა პროფილის ფოტოს ცვლილება 2026 წლის ივნისში“.
  • პროფილის ფოტოები ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული: „AI-ის ამომცნობი ინსტრუმენტის, Hive Moderation-ის თანახმად, პროფილის ფოტოები 90%-ზე მეტი ალბათობით AI-გენერირებულია, ცალკეულ შემთხვევებში მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. გარდა ვიზუალური ნიშნებისა (მათ შორის, ხელებისა და თითების არაბუნებრივი ფორმებისა, დეფორმირებული ჯვრებისა და შენობების.), ანგარიშების ერთმანეთთან მსგავსება, ფოტოები, სახელები და შექმნის დრო დამატებით აჩენს არაავთენტური ანგარიშების ქსელის არსებობის ეჭვს“.
  • სანდოობის გასაზრდელად მითითებულია რეალური სამუშაო ადგილები და სასწავლებლები: „პროფილების უმეტესობას მითითებული აქვს სასწავლებლები და რეალური სამუშაო ადგილები. მათ შორის გვხვდება მუნიციპალური სამსახურები („თბილსერვისი“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“), სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებები (იუსტიციის სახლი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია), სადაზღვევო კომპანიები, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ერთ შემთხვევაში საერთაშორისო მედია Al Jazeera Channel-იც კი, ასევე ადგილობრივი საგამოძიებო ჯგუფი iFact.ge“.
  • ანგარიშების ნაწილს ძალიან მცირე რაოდენობის მეგობარი ჰყავს: „საეჭვო პროფილების უმეტესობას მეგობარი საერთოდ არ ჰყავს, თუმცა გვხვდება ანგარიშები, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე (1 ან 2) მეგობარი ჰყავთ. ამასთან, ფიქსირდება 641, 703 და 130 მეგობრის მქონე ანგარიშებიც, რომლებიც შედარებით ადრე, 2024 წელს არიან შექმნილი“.
  • პროფილები ერთმანეთთან იდენტური ან მსგავსი ნიშნებით არის დაკავშირებული: „ქსელში ფიქსირდება იდენტური სახელისა და გვარის მქონე რამდენიმე ანგარიში, მაგალითად, სამი Mariam Gelashvili, ორი Shorena Tatishvili, ორი Eka Mamaladze, ორი Natia Tsiklauri, ასევე ორი Nino Beridze, ორი Kristine Gogoladze, ორი Salome Maisuradze. ამასთან, ანგარიშების ნაწილს ერთმანეთთან მეგობრობაც აკავშირებს (მაგალითად, Luka Paliani და Sofio Mchedlishvili)“.
  • იქმნება ხელოვნურად მრავალფეროვანი აუდიტორიის შთაბეჭდილება: „ქსელში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანების სახელით შექმნილი პროფილები, რაც რეალური მომხმარებლების მრავალფეროვანი ჯგუფის იმიტაციის შთაბეჭდილებას ქმნის“.
  • ანგარიშების ნაწილი დაკავშირებულია კონკრეტულ საინფორმაციო და პოლიტიკურ გვერდებთან: „საეჭვო პროფილების ნაწილს გამოწერილი აქვთ სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდები „აი პოლიტიკა“ და „აი მსოფლიო ამბები“, რომლებიც თავის მხრივ ხელისუფლების მხარდამჭერ მომღერალსა და საზოგადოებრივი მოძრაობა “აი იას” თანადამფუძნებელ გიორგი გაჩეჩილაძეს უკავშირდება“.
  • საეჭვო ანგარიშები ერთსა და იმავე სახელისუფლებო პროპაგანდისტულ გზავნილებზე რეაგირებენ: „ანგარიშების აქტივობა სახელისუფლებო პროპაგანდისტული გზავნილების შემცველი პოსტების რეაქციებში მოწონებების სახით ვლინდება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ირაკლი კობახიძის განცხადებების ამსახველი „იმედისა“ და „ინტერპრესნიუსის“ საინფორმაციო ბარათებზე, სადაც ახალი ანგარიშები არიან თავმოყრილი, ასევე რუსთავი 2-ის პოსტებზე. გზავნილები რუსეთთან 1783 წელს დადებულ გეორგიევსკის ტრაქტატს პოზიტიურად წარმოაჩენს, ასევე “რუსოფობიისა” და “გლობალური ომის პარტიის” შესახებ პროპაგანდისტული ნარატივის დამკვიდრებას ისახავს მიზნად“.

იხილეთ სრულად.