დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს დაგეგმილ ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. როგორც ადგილობრივ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, არჩევნებში მარატ კამბოლოვი, ზურაბ კოკოევი, მურატ ვალიევი და ყაზბეკ კოდოევი იბრძოლებენ. კრემლის კანდიდატი მარატ კამბოლოვია, რომელსაც ასევე ადგილობრივი საზოგადოება უჭერს მხარს.

რუსეთის მოქალაქე და რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე წლების განმავლობაში ნამუშევარი მარატ კამბოლოვი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრემიერად, მოგვიანებით კი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა ახალი შეთანხმება გააფორმეს და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი პოსტიდან სწორედ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგა.

პუტინმა კამბოლოვს ს. ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა

დე ფაქტო ცესკოს ინფორმაციით, “რეგისტრაცია გაიარეს მარატ კამბოლოვმა, რომელიც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა; ზურაბ კოკოევმა, რომელიც პარტია „ერთობამ“ წარადგინა; მურატ ვალიევმა, რომელიც პარტიამ „ალანიის პატრიოტები“ წარადგინა და ყაზბეკ კოდოევმა, რომელიც ასევე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა”.

მანამდე რეგისტრაციაზე უარი უთხრეს კანდიდატ ხოხ ჩოჩიევს, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ „ირ ფარნმა“ წარადგინა. მიზეზად დასახელდა ის, რომ წარდგენილი დოკუმენტები და ხელმოწერების ფურცლები კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

23 ივნისს ალან გაგლოევმა “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის” უფლებამოსილების დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ კრემლმა ვლადიმირ პუტინის განკარგულება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულება დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარეს, კამბოლოვს დაეკისრა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად, ოფიციალური ინფორმაციით, შეიძლება აირჩიონ  მოქალაქე, რომელიც არის სულ მცირე 35 წლის, “ფლობს სახელმწიფო ენებს – ოსურ და რუსულ ენებს ” და რეგისტრაციის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა “ქვეყნის ტერიტორიაზე”. ამ ვადაში ასევე ითვლება რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების პერიოდები, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში პირი რუსეთში სახელმწიფო ან მუნიციპალურ თანამდებობას იკავებდა.