ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის აკრძალვა 75 ქვეყნიდან ემიგრანტებზე ვიზების გაცემის შესახებ. მან დაადგინა, რომ ეს გადაწყვეტილება „ეწინააღმდეგება კანონს“ და სცილდება სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა საიმიგრაციო ვიზების გაცემა მსოფლიოს ქვეყნების თითქმის 40%-ისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა იმ ადამიანების ქვეყანაში შესვლის პრევენციას, რომლებიც აშშ-ის „სოციალური უზრუნველყოფითა და საჯარო სიკეთეებით“ ისარგებლებდნენ.

აქ საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე. საიმიგრაციო ვიზა არის იმათთვის, ვინც ამერიკაში ემიგრაციაში მიდის, ხოლო ტურისტული – მათთვის, ვინც ქვეყანას დროებით სტუმრობს.

მანჰეტენის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯანეტ ვარგასმა ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დასაბუთება და გააუქმა ვიზის გაცემაზე ყველა უარი, რომელიც მხოლოდ ამ მიზეზს ეფუძნებოდა.

კანონის თანახმად, ემიგრანტს უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიჩნეული იქნება, როგორც სავარაუდო „სახელმწიფო ტვირთი“ ანუ ადამიანი, რომელიც მოსალოდნელია, რომ ამერიკაში გადაცხოვრების შემდეგ მთავრობის დახმარებაზე იქნება დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც საკონსულოს ოფიცერი შეაფასებს ამ პირის ფინანსურ მდგომარეობას, ასაკს, ჯანმრთელობას, უნარებსა და ოჯახურ სიტუაციას.

მოსამართლე ვარგასმა დაადგინა, რომ პრაქტიკაში ამერიკელ ოფიცრებს ჰქონდათ დავალებული, უარი ეთქვათ აპლიკანტებისთვის ვიზის გაცემაზე მხოლოდ იმის საფუძველზე, თუ რომელი ქვეყნიდან იყვნენ ისინი, მაშინაც კი, თუ მათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შეეძლოთ.

სავიზო აკრძალვამ შეაჩერა მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ვიზების გაცემა იმ პირთათვის, რომლებიც ოჯახის წევრებთან გაერთიანებას ან აშშ-ში მუშაობის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა ის არ ვრცელდებოდა არასაიმიგრაციო ვიზებზე, როგორიცაა ტურისტული ან სტუდენტური ვიზები.

შეტყობინება, რომელიც რუბიომ გაუგზავნა ყველა დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობას და რომელიც საქმის მასალებში იქნა შეტანილი, ოფიცრებს ავალებდა, უარი ეთქვათ აპლიკანტებისთვის მაშინაც კი, როდესაც პირი „წარმოადგენდა დამატებით მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებდა, რომ მასზე არ ვრცელდებოდა ‘სახელმწიფო ტვირთად’ ყოფნის გამო დაწესებული შეზღუდვა.“

„შედეგი წინასწარაა განსაზღვრული“, – წერს ვარგასი. „ვიზაზე უარი გაიცემა“. მისი თქმით, ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა 1965 წლის კანონს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ეროვნების ნიშნით ვიზების გაცემისას, და ასევე ცალკეულ დებულებას, რომელიც უკრძალავს სახელმწიფო მდივანს, ჩაერიოს იმაში, თუ როგორ იღებენ საკონსულოს ოფიცრები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ საქმეებზე.

ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გადაწყვეტილების გასაჩივრება.