დღეს, 21 აგვისტოს, დაახლოებით 16:40 საათზე, რუსეთმა კრივოი-რიჰში ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრზე დრონებით ორეტაპიანი იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 91 ადამიანია დაშავებული, ხოლო 6-გარდაცვლილი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთაგან 21 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ერთი ბავშვის.

თავდასხმა ორ ტალღად განხორციელდა. პირველი დარტყმისა და ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ რუსულმა დრონებმა ადგილს ხელმეორედ დაარტყეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, მეორე დარტყმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებზე იყო მიმართული.

“ამ დროისთვის ხუთი ადამიანის დაღუპვის შესახებაა ცნობილი.  ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. სულ მცირე 52 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვია. ყველა დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მსგავსი თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა ტერორისტული აქტები. მსოფლიო მათ შესაბამისი პასუხით უნდა შეხვდეს: აგრესორზე რეალური ზეწოლით. იმისთვის, რომ მშვიდობა შესაძლებელი გახდეს, რუსეთმა რეალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.”- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დამატებითი თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე კვლავ დაფრინავენ რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონები. სამაშველო და სამედიცინო სამუშაოები ადგილზე გრძელდება. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.