„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები“, — განაცხადა გივი მიქანაძემ და აბსურდი უწოდა ინფორმაციას სკოლის ფორმების მაღალ სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით.

„არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინსაიტზე, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის; ისევე, როგორც მათ შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერვინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ შეზღუდვა არ არის. ესეც მორიგი სპეკულაციაა, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ფორმები შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

„მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იქნება ეს ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, თუ სხვა, მრავალ ქვეყანაში უდიდესი მოცულობა იმ ნაჭრისა, რომელიც გამოიყენება სასკოლო ფორმისთვის, სწორედ რომ პოლიესტერს წარმოადგენს. ის ბევრად მდგრადია და ფორმას შენარჩუნების და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს“, — თქვა მიქანაძემ.

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება 2026-2027 წლიდან. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა:
  • მოკლე: 25 ლარი;
  • გრძელი: 25 ლარი.

განისაზღვრა ბავშვების 6 კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

იხილეთ ასევე:

რა მასალისგან იქნება შეკერილი სკოლის ფორმები – „ფორმას აქვს ანტიალერგიული სარჩული“