„ბიბლუსი“ მის ფილიალში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გლდანის ფილიალში 5 წიგნი დააზიანეს — 3 ლაშა ბუღაძის, 2 ზურაბ ჭიაბერაშვილის.

კომპანია ამბობს, რომ ვანდალური ქმედება მხოლოდ გლდანის ფილიალში მოხდა და რომ ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადასცეს შესაბამის ორგანოებს.

„გადამოწმდა ჩვენი ყველა მაღაზია. ვანდალური ქმედება გამოვლინდა მხოლოდ გლდანის მოლის ფილიალში. დაზიანებულია, ჯამში, 5 წიგნი, 3 ლაშა ბუღაძის და 2 ზურაბ ჭიაბერაშვილის – „ლიტერატურული ექსპრესი“, „დამკვირვებელი“, „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“.

„ბიბლუსის“ მონიტორინგის დეპარტამენტმა ვიდეომეთვალყურეობის კამერებით გამოავლინა ფაქტი, ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის.

ეს ქმედება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არის უპატივცემულობა როგორც წიგნისა და ავტორის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ „ბიბლუსის“ მიმართ. ინფორმაციის დაზუსტებამდე საზოგადოებისთვის არასრული სურათის მიწოდება მართებულად არ მივიჩნიეთ“, – წერია განცხადებაში.


რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძის წიგნის ეგზემპლარები დააზიანეს. ბუღაძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნების“ სიძულვილის კამპანიის ფონზე, გამორიცხული არ იყო, წიგნი რომელიმე ვანდალს საკუთარი ინიციატივით დაეზიანებინა, მაგრამ არც მითითების ვერსია უნდა გამორიცხულიყო.

მისივე განცხადებით, „წიგნის შებღალვა, დაზიანება და შეურაცხყოფა პოლიტიკური ცენზურის ნაწილია და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.