სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესზე დღეს მოწმის სახით დისტანციურად დაიკითხა ყოფილი მაღალჩინოსანი, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა მედიასთან თქვა, რომ მიქაუტაძის განმარტებით, ლილუაშვილს თავად გადასცა მეწარმეებისგან ქრთამად აღებული ფული:

 „დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე – რომეო მიქაუტაძე. ეს გაჟღერებული მოცემულობაა, რომ სწორედ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ 2 შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი…
მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი. პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან. ნაღდი ფულის სახით, თავად გადასცა [რომეო მიქაუტაძემ] უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს, ასე განაცხადა მოწმემ“, – თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე მიქაუტაძემ მხოლოდ ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხა. მას დაცვის მხარე მომდევნო პროცესზე დაკითხავს, ამჯერად რომეო მიქაუტაძე სხდომას დაესწრება, რაც ადვოკატების მოთხოვნა იყო.

ადვოკატი ლანა ცერცვაძე ვარაუდობს, რომ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ, რადგან სხვა შემთხვევაში, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა უნდოდეს მას სამართლებრივად მდგომარეობა დაუმძიმება ამ დანაშაულის აღიარებით.

„აღნიშნული მოწმის მიერ გარკვეული სახის ინფორმაცია რაც ამ ეტაპამდე მიეწოდა სასამართლოს გარკვეულწილად მოიცავს იმ ინფორმაციას, რომ მას აქვს ბრალეული როლი ამ ყველაფერში. დღემდე მის მიმართ სხვათა შორის არანაირი დევნა არ არის დაწყებული. ვხედავთ იმას, რომ შესაძლოა მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ ალბათ განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა“, – ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე.

ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს არანაირი სახის ობიექტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თუნდაც რომეო მიქაუტაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ქრთამის გადაცემაზე.


გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში:

  • პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
  • მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
  • მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს და ქოლ-ცენტრებს – მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარდგენილ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყოფილ მაღალჩინოსან რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.