„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ქართულ ოცნებას“ რიტორიკული შეკითხვებით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო 1992 წელს ომი აფხაზეთში. ბრიფინგი კოალიციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გამართეს.
გვარამიამ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანის შესახებაც და თქვა, რომ ეს არის რუსული სამხედრო მანქანის დახმარება. მისი განცხადებით, „ამ ბენზინის თითოეული წვეთი არის ლახვარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გულში“:
„მინდა შევეკითხოთ საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მიმთვისებელ ივანიშვილის რეჟიმს – ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით შემთხვევით? […]
ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე? […] ვინ მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, ჩვენ ხომ არ ვართ ეს შემთხვევით, რიტორიკული შეკითხვაა. ქართველები ვართ იქიდან გამოყრილები, დახოცილები სახლ-კარ წართმეულები, ათწლეულებია უკვე. […]
ვინ შეიტანა ბენზინი საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთში ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი?! ვის აქვს გარანტია იმისა, რომ იქ, სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს, ეს ბენზინი რუსულ მანქანებში, პირდაპირი მნიშვნელობით – სამხედრო მანქანებში და გადატანითი მნიშვნელობით – დიდ სამხედრო აპარატში არ ჩაისხა.
ამ ბენზინის თითოეული წვეთი უდრის უკრაინელების დაღვრილი სისხლის თითოეულ წვეთს. ამ ბენზინის თითოეული წვეთი არის ლახვარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გულში“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
აფხაზეთში საწვავის კრიზისის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს ბიზნესმა გააკეთა.
მოგვიანებით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების ნებართვა ირაკლი კობახიძის 11 აგვისტოს დათარიღებული განკარგულებით გაუგრძელდა.
კომპანიის მფლობელი, გიორგი არველაძე ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამბობს, რომ საწვავის შეტანისთვის ხელი არ შეუშლიათ. და რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.
