ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ვრცელი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კუნჭულია წერს, რომ პოლიტიკაში ყოფნა „ძალიან რთული აღმოჩნდა“. ის ყველას მოუწოდებს, „სათანადოდ დააფასონ“ ადამიანები, რომლებიც წლებია პოლიტიკაში არიან, „უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს“ და „მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე“.
ის წყენას გამოხატავს, რომ ვერ იგრძნო „სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ“:
„საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი. ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ. მიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში.
ამ ფონზე, საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე.
ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა…
ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე“, – წერს კუნჭულია.
უკვე ყოფილი მერი მადლობას უხდის თანამშრომლებს, ოზურგეთელებს და „ქართულ ოცნებას“. კუნჭულია ამბობს, რომ რჩება „ქართული ოცნების ერთგულ რიგით ჯარისკაცად“.
