განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა.
სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი.
წესის მიხედვით:
- ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.
- სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.
დოკუმენტში წერია, რომ რეალიზების პუნქტში განთავსებული საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით.
უკვე განისაზღვრა ბავშვების 6 კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.
დამტკიცებული წესის მიხედვით, პროგრამის თითოეულ ბენეფიციარზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გაიცემა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ერთეულების შემდეგი ოდენობა:
- ა) ბიჭისთვის – 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
- ბ) გოგოსთვის – 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა.
„იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს მოიპოვებს სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მისაღებად მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით მიმართავს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“- აღნიშნულია დოკუმენტში.
გუშინ კომპანია „საგანმანათლებლო რესურსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასკოლო ფორმები საქართველოში ჩამოიტანეს. მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას.
ამ ეტაპზე ცნობილი არაა, სად გაიყიდება ფორმები – კომპანია ამბობს, რომ ინფორმაცია, თუ სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ცნობილია ვადები:
- პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მოხდება;
- II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება.
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახდება 2026-2027 წლიდან. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ცვლილებები.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:
- სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
- სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
- სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
- სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
- სასკოლო ქვედაკაბა:
- მოკლე: 25 ლარი;
- გრძელი: 25 ლარი.
