აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო განყოფილებამ რუსეთის მოქალაქე ქალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ახრა კვეკვესკირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უწყების ინფორმაციით, კვეკვესკირს ედავებიან ხულიგნური მოტივით, 1989 წელს დაბადებული ქალის საშუალო სიმძიმის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, ასევე მის მიმართ მკვლელობის მუქარას.
ოფიციალური ცნობით, დანაშაული 2 აგვისტოს, დაახლოებით შუაღამისას, კოდორის გზატკეცილზე, კაფე-ბარ „ნემოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
უწყების ცნობითვე, შემთხვევის დროს კვეკვესკირმა მისთვის მანამდე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შინაპატიმრობა დაარღვია.
კვეკვესკირი ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ადამიანის გატაცებას, გამოძალვას, ძარცვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას ეხება.
11 აგვისტოს სოხუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის შუამდგომლობა და კვეკვესკირისთვის აღკვეთის ღონისძიების შინაპატიმრობიდან პატიმრობით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
