პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

უწყებამ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება დაიწყო.

„ჯობია, რომ სახელმწიფო ინსტიტუცია იყოს მომკვლევი და დაადგინოს, როდის, სად, რა, რა ფაქტებზეა საუბარი და რა აქვს ამ ადამიანს თავში ნააზრევი. ერთია, ჩვენ რა ვარაუდი გვაქვს, მაგრამ მეორეა, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით ისაუბრა ამ ყველაფერზე“, – ამბობს კობა კობალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, რომელიც, თავის მხრივ, ეხებოდა გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გუშინ, 6 აგვისტოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიმართა „შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლონ გიორგი ბარამიძის განცხადება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“.  განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკოსის განცხადება „შესაძლოა, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს“.

გარდა ამისა, განცხადებაში სამსახურმა ვეტერანების სახელით მიმართა გიორგი ბარამიძეს, რომ გაკეთებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიში მოეხადა:

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანების სახელით მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად“.


ორი კვირის წინ YouTube-ზე გამოქვეყნდა იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადების“ ეპიზოდი, რომლის სტუმარიც გიორგი ბარამიძე იყო. საუბარი სხვადასხვა თემებს შეეხო, მათ შორის- აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას. ბარამიძემ თქვა, რომ „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“ და იაგო ხვიჩიას კითხვას, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხა, რომ „ხვრეტდნენ“.

6 აგვისტოს ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს მის ნათქვამს. ის ჰყვება, რომ ომის დაწყების მომენტში საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმ სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ბარამიძის თქმით, როცა ომი დაიწყო და მტერმა გაგრას შეუტია, ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ „მეფარიშვილის ბატალიონის“ წევრები. მისი თქმით, 45-ვე მან და მისმა მოადგილემ წითელი ჯვრის დახმარებით მოგვიანებით სამშვიდობოს გამოიყვანეს.

ბარამიძე ამბობს, რომ რაც თქვა, არ არის არც ქართული ჯარის „ბრალი“ და არც „დანაშაული“:

„პირველ ხანებში, როდესაც მე ვიყავი დაკავებული ტყვეების გაცვლით და ამ პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები, ვთქვი, რომ იქითა მხარე, ანუ რუსული მხარე, სეპარატისტული მხარე იყვანდნენ ტყვეებს და ჩვენ არ გვყავდა, იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ.

ეს სიტყვა ვთქვი. ხვრეტდნენ – ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ჯარი და ასე შემდეგ, ხო?! ჩვენ სამტრო- სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა მტერთან და უბრალოდ ჩვენებს არ ჰყავდათ ტყვეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და, მით უმეტეს, დანაშაული, რომელზედაც, ასე ვთქვათ, რაღაცას ლაპარაკობენ რომ აი, სადღაც წაგვიყენებენ ამ ამბავს და სადღაც უნდა საქართველო დაადანაშაულონ თითქოს, და არც ქართული სახელმწიფოს, ხო?“.