14-დღიანი პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

დროებითი დაკავების იზოლატორთან მას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

„ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა, ვერანაირი დარბევა ვერ მოახდენს ჩვენზე იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს დე ფაქტო მმართველს. რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს – ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დავანგრიოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი და უნდა გავიმარჯვოთ. როდესაც მთავარ შეკითხვაზე – რატომ ვიბრძვით? – არის პასუხი გაცემული, შემდეგ იქ ყოველგვარი როგორ – როგორი პატიმრობა იქნება, როგორი ჯარიმა იქნება, როგორი დარბევა იქნება – ამაზე პასუხი არის გაცემული იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის და როდესაც ამ ბრძოლაში ვართ, ყოველთვის ვამბობთ, რომ ბოლომდე! ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს რეჟიმი არის განწირული, რადგან შეეჭიდა იმას, რაც კაცობრიობის ისტორიაში ვერავინ მოახერხა – აუკრძალოს ადამიანებს ლაპარაკი, აუკრძალოს წერა. ჩვენ მაინც დავწერთ და მაინც ვილაპარაკებთ“ , – განაცხადა ვახო სანაიამ.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ოქმი მის წინააღმდეგ შსს-ში შექმნილმა ახალმა უწყებამ შეადგინა, რომელსაც ოპონენტები ე.წ. “სქროლვა-სქრინვის სამმართველოს” უწოდებენ. ამ სამმართველოს წყალობით არაერთი ადამიანი დაჯარიმდა ფეისბუკზე დაწერილი კომენტარების გამო.

რა ხდება?

ვახო სანაიამ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა, რომ 6000 ლარით დააჯარიმეს, რადგან ხალხს მოუწოდებდა, არ მოეხსენიებინათ „ქართული ოცნების“ წევრები შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ანუ სასამართლომ ჩაუთვალა, რომ ის შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რისკენაც სხვებს მოუწოდებდა, არ გამოეყენებინათ ამ ადამიანების მიმართ, თავად სტატუსის ავტორმა უწოდა ბოჟაძესა და პაპუაშვილს.

ამის შემდეგ, სანაიას ცნობით, მან მეორე სტატუსიც დაწერა, სადაც გულისტკივილი გამოთქვა: ასეთი კარგი მოწოდების გამო თუ მაჯარიმებთ 6 ათასი ლარით, მაშინ რაც გინდათ, ის ქენით და თუ გინდათ, დაუძახეთ ის ეპითეტებიო.

„მე ხომ დავწერე, ნუ უწოდებთ-მეთქი შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ყ****ს. ხო გახსოვთ, რომ ამის გამო დამაჯარიმეს. ანუ სასამართლომ ამით თქვა, რომ მე რეალურად იმ სტატუსით ლადოსა და შალვას ყ****ი ვუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოვუწოდე, არ ეწოდებინათ მათთვის ყ****ი.

[…] ამის შემდეგ დავწერე კიდევ ერთი სტატუსი, სადაც გულისტკივილი გამოვთქვი. პოსტის არსი ესაა : ასეთი კარგი მოწოდების გამო თუ მაჯარიმებთ 6 ათასი ლარით, მაშინ რაც გინდათ, ის ქენით, თუ გინდათ, დაუძახეთ ყ****ი და იყავით-მეთქი. […] კიდევ დავწერე, რომ ამ ბიჭების – შალვასა და ლადოს – ყ****ად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს. სასამართლოს ხელით, თვითონვე გამოაცხადეს ესენი ყ****ად. წარმოიდგინეთ, თუ მოვუწოდებ, რომ არ დაუძახოთ ყ****ი-მეთქი და მაჯარიმებ, ესე იგი, გინდა, რომ დაუძახონ.

[…] მოკლედ, სქროლვა/სქრინვის სამმართველომ ახლა ამ ორ სტატუსზეც მიჩივლა. სულ დავიბენი. მართლა ვერ გავიგე: დავუძახოთ — ჯარიმაა; არ დავუძახოთ — ჯარიმაა; თუ ვამბობთ, გინდ — დაუძახეთ და გინდ — არა, ამაზეც ჯარიმაა. რაღაც სხდომა დაუნიშნავთ ისევ. ახლა ეს საკითხი უნდა განიხილონ. მოსამართლე ზვიად ცეკვავაა”, — წერდა სანაია.