ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ასტანაში შეხვდა

1 დეკემბერი, 2010 • • 1035
მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ასტანაში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სააკაშვილი და კლინტონი ერთმანეთს ასტანაში ეუთოს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

პრეზიდენტის საიტი წერს, რომ სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული პარტნიორისადმი ღია მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

,,ჰილარი კლინტონმა შეხვერდაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას  და ქვეყნის სუვერენიტეტს.  სახელწიფო მდივანმა საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ეუთოს როლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ევროპელი დამკვირვებლების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა. ჰილარი კლინტონმა ეუთოს წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ ორგანიზაციის ძალისხმევა არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად’’.

პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ კლინტონმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას  მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ახალი სამშვიდობო ინიციატივის გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაახმოვანა. სახელმწიფო მდივანმა მიმართვისას  საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მიშლინ კალმი რეისა და ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს.

ეუთოს სამიტი ასტანაში დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. პრეზიდენტი სააკაშვილი სამიტზე სიტყვით უკვე წარსდგა.

სამიტზე 27 ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძვანელობს. სამიტზე ასევე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც იღებს მონაწილეობას.

ეუთოს ბოლო სამიტი 1999 წელს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, გაიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი