პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი გამოსვლის პირველი ნაწილი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დოკუმენტების შესრულების აუცილებლობას დაუთმო. მან განმარტა, რომ ჰელსინკის აქტს, ეუთოს სტამბულის სამიტის რეზოლუციასა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას რუსეთი დღემდე არღვევს.
სააკაშვილი ამბობს, რომ, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა, მისი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი არ იდგებოდა.
” პირიქით, რუსეთმა გაზარდა ჯარების რაოდენობა, რომელიც უკანონოდაა დისლოცირებული ჩემი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 12 ათასი ჯარისკაცის მიერ არის ოკუპირებული საქართველოს 20 %. ტანკებით, რაკეტებით, მძიმე არტილერიით– ეს არის ჰელსინკის პრინციპების, სტამბულის დეკლარაციის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევა. თუ ჩვენ ამ პრინციპებს მკვდარ პრინციპებად ჩავთვლით, ჩვენი გაერთიანება განწირული იქნება სიკვდილისთვის”.
სიტყვის მეორე ნაწილში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზრი რუსეთთან დიალოგის საკითხზე. სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 500 ათასამდე გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი, მაგრამ, სააკაშვილის თქმით, ამ ტრაგიკული ფაქტების შეცვლა და რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია.
სააკაშვილი ამბობს, რომ ყოველგავრი თავშეკავების გარეშე ჩაერთვება რუსეთთან დიალოგში. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და განმარტავს, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის ჯარების გაყვანაზე, თუ 20%-ზე ნაკლები დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დანარჩენი 80% არ დაბრუნდება, თუ მათი მხარდამჭერი სეპარატისტები დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, საქართველო მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს ახალი შემოჭრისა და საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიის ოკუპაციის შემთხვევაში’’.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ასტანას სამიტზე წინაღობად რჩება მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის საკითხი. ამიტომ მოუწოდებს რუსეთს, ჩაერთოს ამ პროცესში.
,,გვჯერა, რომ მშვიდობა ერთადერთი გზაა ჩვენი ლეგიტომური მიზნის მისაღწევად. ძალის გამოუყენებლობის შესახებ დაპირება ოფიციალური წერილის სახით გავუგზავნე ნატოს, ეუთოს, გაეროს, ევროკავშირსა და ევროკომისიის ხელმძღვანელობას და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. აქ მოვედი იგივე განწყობით და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში, დიალიოგში, ვიდრე პოლემიკაში.’’
სიტყვის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთო უკეთეს უსაფრთხოების გაერთიანებას შექმნის. ,,ჩვენ გვინდა უსაფრთხოების უკეთესი გაერთიანება, გვინდა უფრო ძლიერი, უკეთესი, ეფექტური ეუთო, რომელიც თავს არ აარიდებს რეალურ პრობლემებს და იქნება ფორუმი დიალოგისთვის პარტნიორებსა და მტრებს შორის და ასევე ყველა ლიდერს შორის’’.
ეუთოს სამიტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს გაიხსნა. სამიტზე 27 ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძვანელობს. სამიტში ასევე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც იღებს მონაწილეობას.
ეუთოს ბოლო სამიტი 1999 წელს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, გაიმართა.