გუშინ, 25 ივლისს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Pride-ის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 16. მათგან სამი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაშია.
შემთხვევა შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, მოხდა. პოლიციამ ეჭვიმატინილად 21 წლის აბდულ ბ. დაასახელა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა შემთხვევის შემდეგ ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ერთი ან რამდენიმე პირი გაიქცა.
გერმანიის ხელისუფლებამ აბდულ ბ.-ზე ძებნა მთელ ბერლინში გამოაცხადა. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში იყოს.
როგორც გამოცემა Guardian იუწყება, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილი პირია, მათი ინფორმაციით, ის ბერლინში მოქმედ ისლამისტურ წრეებთან არის დაკავშირებული. თუმცა, პოლიცია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივის, მოვლენების ზუსტი ქრონოლოგიისა და ეჭვმიტანილის როლის შესახებ საბოლოო შეფასებები ჯერ არ არსებობს.
ინციდენტის შემდეგ Christopher Street Day-ის ორგანიზატორებმა, რომლის ფარგლებშიც Pride გაიმართა, გააუქმეს ყველა დაგეგმილი ღონისძიება.
ინციდენტს ეხმიანება გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც:
“რა საშინელი დანაშაული მოხდა ბერლინში. ასობით ათასი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მშვიდობიანად აღნიშნავდა Christopher Street Day-ს. ისინი შეიკრიბნენ, რათა ერთმანეთის მიმართ სიკეთე და ტოლერანტობა გამოეხატათ. ეს ჩვენს საზოგადოებაზე თავდასხმაა.”
“ჩვენ ვართ ღია და თავისუფლებისმოყვარე საზოგადოება, ამ ღირებულებებს შევინარჩუნებთ და დავიცავთ. ეს დანაშაული სრულად იქნება გამოძიებული და დამნაშავეებს უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ჩემი ფიქრები დაღუპულისა და დაზარალებულების ოჯახებისკენაა მიმართული. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და საგანგებო სამსახურების თანამშრომელს,“ -დაწერა მერცმა სოციალურ ქსელ X-ზე.
Christopher Street Day ბერლინში ყოველწლიურად იმართება და 1969 წელს ნიუ-იორკის Stonewall Inn-ში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება, რომლებიც თანამედროვე ლგბტქ+ უფლებების მოძრაობის დასაწყისად მიიჩნევა. ქალაქის მონაცემებით, წლევანდელ ღონისძიებას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უნდა დასწრებოდა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
