არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო აღარ არის და ქვეყანაში კვლავ ტირანიის ეპოქა დადგა.
ამის შესახებ ორბანი „წინააღმდეგობის დეკლარაციაში“ საუბრობს, რომელიც 21 ივლისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ორბანი მოქალაქეებს მოუწოდებს, იბრძოლონ „ტირანიის წინააღმდეგ“, რომელიც, მისი თქმით, უნგრეთში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დამყარდა.
„ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იმოქმედოს ტირანიის წინააღმდეგ. ამიტომ „ფიდესი“ [ვიქტორ ორბანის პარტია] იქნება არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ახალი პოლიტიკური სისტემის ოპონენტიც. ის გამოიყენებს ყველა მშვიდობიან საშუალებას პარლამენტის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.
დღეიდან ჩვენი მისია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენაა. ჩვენ დავეხმარებით ავტოკრატიული სისტემის მსხვერპლებს. ჩვენ აღვრიცხავთ „ტისას“ მთავრობის მიერ უფლების დარღვევებს. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ მსხვერპლებს და დაზარალებულებს მივანიჭებთ მათთვის კუთვნილ კომპენსაციას“, – ნათქვამია ორბანის მიერ გამოქვეყნებულ „წინააღმდეგობის დეკლარაციაში“.
ორბანმა „წინააღმდეგობის დეკლარაცია“ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მისმა პარტიამ, „ფიდესმა“ განაცხადა, რომ პროკურორებმა მათ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს.
პროკურატურამ „როიტერსს“ განუცხადა, რომ ჩხრეკა ორბანის მთავრობის დროს ეროვნული კულტურის ფონდის თანხების „მითვისებისა და სხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაულების“ შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურორებმა ამოიღეს სერვერები, რომლებიც შეიცავდა პარტიის წევრების მონაცემთა ბაზასა და ელექტრონულ წერილებს. ორბანის თქმით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რათა მისი პარტიის საქმიანობა სამართლებრივად შეუძლებელი გახადონ.
„ეროვნული კულტურის ფონდის საკითხი უბრალოდ საბაბი იყო“, — განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ არანაირი კანონდარღვევა არ მომხდარა.
უნგრეთის მმართველი პარტია „ტისა“ უარყოფს ოპონენტების ბრალდებებს. უნგრეთის ახალმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აღკვეთს კორუფციას, რომელიც მათი თქმით, ორბანის ადმინისტრაციის დროს ყვაოდა.
თავად ორბანი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.
„ამ გზით შექმნილი ახალი პოლიტიკური სისტემა არალეგიტიმურია… „ფიდესი“ გამოიყენებს ყველა მშვიდობიან ინსტრუმენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე პარლამენტის გარეთ“, — განაცხადა ორბანმა.
პეტერ მადიარის პარტია „ტისას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, გააუქმოს ორბანის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებმაც, მადიარის თქმით, დემოკრატიას ზიანი მიაყენა.
მადიარის პარტიის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების გამო უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. პარლამენტი ახალ პრეზიდენტს მალე აირჩევს.
