შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ მედიასთან კომენტარში განმარტა, თუ რატომ დააყენეს სხდომაზე ვახო სანაიას მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა. ჟურნალისტს დღეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მისი თქმით, სანაია არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, არ იხდიდა დაკისრებულ ჯარიმებს და აგრძელებდა „სამართალდარღვევით ქცევას“.
„შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა.
მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და ვახტანგ სანაია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით.
ეს იყო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამართალს მიერ შედგენილ ოქმთან დაკავშირებით“, – ამბობს მარიამ კერესელიძე.
რაც შეეხება კითხვას Facebook პოსტზე, სადაც სანაია წერს, რომ კონკრეტული სიტყვები არ უნდა გამოიყენონ შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის მისამართით, შსს-ს წარმომადგენელმა თქვა:
„ეს რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც რეალურად იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს“.
დაკავებამდე ვახო სანაიამ თქვა, რომ რაც არ უნდა მიუსაჯონ, ის არ გაჩერდება:
„ამიტომ ის, რაც ჩაფიქრებული აქვთ, არ გამოვა. იუმორით იქნება თუ სერიოზულად იქნება, როგორც უნდა ისე აღიქვას პაპუაშვილმა ის სიტყვები საკუთარ თავზე. მათივე სასამართლო ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ასეა“.
ვახო სანაიამ 10 ივლისს დაწერა, რომ შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დაჯარიმდა. ამავე დღეს მან სოციალურ ქსელში ორი სტატუსი გამოაქვეყნა:
- „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყ**ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.
- „მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყ**ებად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს“.
18 ივლისს Facebook-ზე ტელეწამყვანმა დაწერა, რომ მას ისევ უჩიოდნენ:
„მოვიდა სასამართლოს რაღაც ფურცლები. ცირკია. მე ხომ დავწერე, ნუ უწოდებთ-მეთქი შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ყ***ბს. ხო გახსოვთ, რომ ამის გამო დამაჯარიმეს. ანუ სასამართლომ ამით თქვა, რომ მე რეალურად იმ სტატუსით ლადოსა და შალვას ყ***ბი ვუწოდე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოვუწოდე, არ ეწოდებინათ მათთვის ყ***ბი. დღეს მოვიდა ახალი ფურცლები. სქროლვა/სქრინვის სამმართველო კიდევ მიჩივის“
მანამდე, 2025 წელს სანაია სასამართლოს 4 000 ლარით ჰყავდა დაჯარიმებული. მაშინ ჟურნალისტმა დაწერა – „ისე დასრულდება ჩემი ცხოვრება, მაგ ჯარიმას არასდროს ვაღიარებ“.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე პირველი ივნისიდან ფუნქციონირებს. საზოგადოებაში მას „სქროლვა-სქრინივს“ სააგენტოს უწოდებენ. მას შემდეგ, რაც მონიტორინგი დაიწყო არაერთი ადამიანი დაჯარიმდა.
ერთი თვის გასვლის შემდეგ, პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, სამმართველომ 170 „სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი“ გამოავლინა.
შსს მოქალაქეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით ედავება – 166-ე; 173 (16).
- 166-ე მუხლი [წვრილმანი ხულიგნობა] არეგულირებს „საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს“. ისჯება ჯარიმით 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობით 20 დღემდე. განმეორებისას ჯარიმა იზრდება 5000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა — 60 დღემდე. წინა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, განმეორებაზე პირდაპირ პატიმრობაა არანაკლებ 30 დღისა.
- 173 (16) მუხლი არეგულირებს ასევე „სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას“ ოღონდ სახელმწიფო/პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. ისჯება ჯარიმით 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე, ან პატიმრობით 45 დღემდე. განმეორებისას ჯარიმა იზრდება 2500-დან 6 000 ლარამდე, ხოლო პატიმრობა — 60 დღემდე.
