სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება ერთ-ერთ, ე.წ. ორგანიზატორების განაყოფ საქმეს.

გაგახსენებთ, რომ ხსენებული 10- პირიანი საქმის აწ უკვე მსჯავრდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილსა და ირაკლი შაიშმელაშვილს, 7 მაისს განაჩენი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოუტანა საქალაქო სასამართლოში.

დღეს, 20 ივლისს, სააპელაციოში პირველი სხდომა შედგა. შესავალი სიტყვით ისარგებლა პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, ისაუბრა თავად პაატა მანჯგალაძემ და მცირე რეპლიკით ისარგებლა პაატა ბურჭულაძემ. სხდომას არ დასწრებია მურთაზ ზოდელავა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „ვივამედშია“ გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. არ დასწრებია ასევე ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც მიმალვაშია. შაიშმელაშვილის ადვოკატები სააპელაციოშიც ითხოვენ მის დისტანციურად ჩართვას სხდომებზე. თუმცა, ისევე, როგორც პირველ ინსტანციაში, საქმის განხილვის ამ ეტაპზეც უარს ამბობს ამაზე სასამართლო.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სააპელაციო სასამართლოშიც დააყენა ის საკითხები, რასაც საქალაქოში, მათ შორის, დასკვნით სიტყვაში აყენებდა: ის, რომ პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები საერთო ფოტოა პაატა ბურჭულაძესთან ერთად, ასევე, სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული ძველი განცხადებები, სადაც ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაზე საუბრობს. პაატა მანჯგალაძე არც კი ყოფილა ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს.

პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა არა მხოლოდ მის მიმართ ბრალდებაზე და მის დაუსაბუთებლობაზე, აბსურდულ მსჯავრზე, არამედ „ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებზე მასთან მიმართებით.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს: ბატონ ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს. სხვებსაც, მაგრამ ამათ პერსონალურად.

ვიდრე ჩემს ბრალეულობაზე დაიწყებთ საუბარს, დამაბრალებთ იმას, რაც არ ჩამიდენია და მერე რუანდის კონვენციური დანაშაულის ე.წ. ქეისით გაამართლებთ ჩემს დაკავებას, იქნებ მანამდე თქვენი „მიუკერძოებელი“ მოსამართლის, ხუსკივაძის ის განაჩენი წაგეკითხათ, სადაც ჩემი ბრალეულობისა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობის მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის ჩემი განცხადებები მიიჩნია?

მოსამართლემ განაჩენში, როგორც მთავარი მტკიცებულება, რამდენჯერმე მოახდინა ამ განცხადების ციტირება და ე.წ. ბოლდით (მსხვილი შრიფტით) გამოყო განცხადების ის ნაწილი, სადაც ვამბობ:

„საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ირწმუნებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ბევრნი ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!“

ვფიქრობდი, თავიდან გამოძიებას რაღაცა შეეშალა, მერე გამოასწორებს ზემდგომი-მეთქი. პროკურორმაც იგივე გაიმეორა.

მე არ ვყოფილვარ ორგანიზატორი. აქციამდე 2 საათით ადრე გადაღებული ფოტოთი და ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით მაცხადებთ ორგანიზატორად? ეს არ შეიძლება იყოს შეცდომა“, — თქვა პაატა მანჯგალაძემ და ამასვე საუბრობს წერილში, რომელიც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ მოგვცეს მისი ოჯახის წევრებმა.

[რუანდის ამბავი, რასაც პაატა მანჯგალაძე ახსენებს და რასაც 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით იმეორებენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები, 1994 წელს მომხდარი გენოციდია, როცა 3 თვის მანძილზე ერთმა ეთნიკურმა ჯგუფმა, რომელიც მმართველი ძალა იყო, მეორე ეთნიკური ჯგუფის დაახლოებით მილიონი ადამიანი მოკლა. ადამიანების ხოცავდნენ სასტიკი წამებით და ქალების შემთხვევაში, ამას წინ უძღოდა გაუპატიურება.]

პაატა მანჯგალაძემ მიმართა პროკურორ ვაჟა თოდუასა და მოსამართლე თეა ლეონიძესაც:

„ბატონო ვაჟა, მე შეიძლება 7 წლით ვიყო პატიმარი, კი არ გემუქრებით, ადამიანურად გეუბნებით, ხომ გავა ეს პატიმრობის ვადა, ქუჩაში არ შემხვდებით? როგორ?

[მიმართავს მოსამართლეს] იქნებ, თქვენ დამეხმაროთ, რომ სამართალი ვიპოვო. ვინმემ ამიხსნას, რატომ ვარ აქ? მესმის მე ბატონი ვაჟასი, ალბათ იმდენად არ აქვს გავლენა პროცესზე, რომ იძულებულია, 1 წლით ძველი განცხადებები ჩამიდოს. აქციამდე 2 საათით ადრე გადაღებული ფოტოთი როგორ ვიქეცი უკვე დაანონსებული აქციის ორგანიზატორად?“

მცირე რეპლიკა გააკეთა სხდომაზე პაატა ბურჭულაძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა აქამდე მრავალგზის ნათქვამი, რომ ის არის აქციის ორგანიზატორი, არა სხვები. არაფერი ანტიკონსტიტუციური მის ჩანაფიქრში და ორგანიზებაში არ ყოფილა. რომ ის ამაყია არა აქციის, არამედ „ეროვნული კრების“ ორგანიზატორობით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლოს შენობაში და ოფიციალურად არ გახმიანებულა, არ გამოირიცხება სააპელაციოში განხილვის ეტაპზე პატიმრებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. როგორც პროკურორმა ვაჟა თოდუამ აღნიშნა, უწყებას ამ საქმის ორმა მსჯავრდებულმა მიმართა მსგავსი განცხადებებით. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ინფორმაცია, რომელია ეს ორი მსჯავრდებული და კიდევ ვინ იქნება თანახმა.

პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე მედიასთან ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძე მოუწოდებს სხვებს, გააფორმონ საპროცესო, დაიხსნან თავი არაკანონიერი პატიმრობიდან. თუმცა, როგორც ორგანიზატორი, ხსნის, რომ 4 ოქტომბერს არაფერი კრიმინალური და არაკანონიერი არ მომხდარა და გამორიცხავს თავად მსგავს გარიგებაზე წასვლას.

„არცერთი ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დადება არ უნდა იქნას აღქმული მორალურ დარტყმად, რადგან დღეს ეს არის უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლების თითქმის ერთადერთი გზა“, — ამბობს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე 10-პირიანი საქმის მსჯავრდებულებს:

  • პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • პაატა მანჯგალაძეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს — სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
  • გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

მათთვის პირველ ინსტანციაში მისჯილი განაჩენი ასეთია:

  • პაატა ბურჭულაძე — 7 წელი;
  • მურთაზ ზოდელავა — 7 წელი;
  • ირაკლი ნადირაძე — 7 წელი;
  • პაატა მანჯგალაძე — 7 წელი;
  • ლაშა ბერიძე — 7 წელი;
  • ირაკლი შაიშმელაშვილი — 2 წელი;
  • ირაკლი ჩხვირკია — 5 წელი;
  • თორნიკე მჭედლიშვილი — 5 წელი;
  • ნიკა გვენცაძე — 5 წელი;
  • გური ჟვანია — 5 წელი.