19 ივლისის ღამით კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაციული შენობა. საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო Azərtac-ის ინფორმაციით, რაკეტა საელჩოს შენობიდან დაახლოებით 200–250 მეტრში, „ლუკიანივსკას“ მეტროსადგურის მიმდებარედ ჩამოვარდა. აფეთქების ტალღამ საელჩოში მინები ჩაამსხვრია და ჭერზე ბზარები გააჩინა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიევზე საჰაერო თავდასხმების შედეგად აზერბაიჯანის საელჩო ზიანდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევზე დარტყმა განხორციელდა. უწყების განცხადებით, სამიზნეები სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების ობიექტები იყო, მათ შორის საწარმოები, რომლებიც რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებს აწარმოებენ.
2025 წლის ნოემბერშიც კიევში აზერბაიჯანის საელჩოსა და ხარკოვის საპატიო საკონსულოს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ბაქომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა.
