დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მორიგი მოქალაქეა დაკავებული.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 84 კაფსულა ნივთმტკიცებად ამოუღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ყაზბეგის (დარიალის) საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოდიოდა. ის სწორედ პუნქტის ტერიტორიაზე პირადი და ბარგის შემოწმების შემდეგ დააკავეს.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეგაბალინი არის მედიკამენტი, რომელიც რეცეპტით გაიცემა და სხვადასხვა ბრენდული დასახელებით არის ცნობილი, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია „ლირიკა“. გამოიყენება ეპილეფსიის, ფიბრომიალგიის, ნეიროპათიული ტკივილის, ეპილეფსიური კრუნჩხვების, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში სწორედ ფარმაცევტული კომპანიების, პფაიზერისა და ვიატრისის წარმოებული ლირიკა ჩანს.
ეპილეფსიის სამართავი ბევრი სხვა მედიკამენტის მსგავსად, ბრეგაბალინის გამოყენება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და გასათვალისწინებელია სხვა მედიკამენტებთან კომბინაციის რისკები. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი დოზებით მიღება დაკავშირებულია მიჩვევისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალ რისკთან.
პრეგაბალინი იყო ერთ-ერთი ის მედიკამენტი, რომლის დიდი რაოდენობით და უკანონოდ შემოტანას ედავებოდნენ ბრიტანელ ომის ვეტერანს, მეთიუ როი დესმონდს, რომელიც რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, 16 ივლისს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და 100 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და საქართველოდან დაადეპორტეს, ქვეყანაში 20 წლით დაბრუნების აკრძალვით.
