„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ე.წ. რიყის დოქების ნგრევას ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება უდევს საფუძვლად.
„მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროექტში. ბევრმა არ იცის, ივანიშვილს სურდა ამ ადგილას აშენებულიყო ფრინველის ფორმის შენობა, რომელიც დაამახინჯებდა იქაურობას, აბსოლუტურად შეუცვლიდა რეკრეაციულ ფუნქციას და იერსახეს რიყეს. უარი უთხრეს ამ ყველაფერზე, ამის შემდგომ აბსოლუტურად გაბოროტებულია თუნდაც შენობის მიმართ. ამიტომაც, ჯერ მოხდა შენობის გამიზნული გავერანება და ახლა მისი დანგრევაა განზრახული“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.
ენმ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას ბარბაროსულ აქტად აფასებს.
„ივანიშვილს სძულს ყველაფერი, რაც უკავშირდება აღმშენებლობის ცხრაწლიან პერიოდს. ამიტომაც მან შემოგვთავაზა ნგრევის 14 წელიწადი. როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის მიერ დანგრეულ საქართველოზე, საუბარია არა მხოლოდ ინსტიტუციებზე, არამედ ინფრასტრუქტურაზე. ახლა ის მიადგა რიყის თეატრს, რომელიც არის 2010-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული შედევრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. მასიმილიანო ფუქსასის ეს არქიტექტურული ნიმუში უნდა ყოფილიყო თბილისის სავიზიტო ბარათი, კულტურული ცენტრი. ზოგადად, ქვეყნის ნგრევის პროცესის შეჩერება არის აუცილებელი და ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ნამდვილად კონტაქტი ყველასთან, მათ შორის ჩვენს კოლეგებთანაც, პარტნიორებთანაც, სხვადასხვა საზოგადოებებთან, რომ შეჩერდეს ნგრევის პროცესი ამ უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნიმუშის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
თბილისის მერიამ რიყის დოქების დანგრევის ნებართვა გასცა.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების თანახმად, რიყის დოქების დემონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.
„რიყის დოქები“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აშენდა და წლებია, უფუნქციოა, სახელმწიფომ 2022 წელს, მეექვსე ცდაზე, 10 020 000 ლარად გაყიდა. ის თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა, 2025 წლის მაისში კი, ხიდაშელისგან — შპს „რიყე დომმა“. 2022 წლის აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებული იყო, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოეწყო ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
იტალიური არქიტექტურული ბიურო Studio Fuksas ეწინააღმდეგება ე.წ. რიყის დოქების დაგეგმილ დემონტაჟს და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების მოძებნას ითხოვს.
