სომალიში დატყვევებული ქართველ მეზღვაურების საქმეში, ჯერჯერობით, ცვლილებები არ არის. როგორც მეზღვაურთა პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანატოლი ჩიჯავაძე აცხადებს, მოლაპარაკება გრძელდება: “მეზღვაურები, ჯერჯერობით, დახვრეტის მოლოდინში არიან. ახალი არაფერი გვაქვს. საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში გვქონდა შეხვედრა და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ. ქართველი მეზღვაურების გამოსასყიდის შესაგროვებლად შექმნილია სოლიდარობის ფონდი, რომელშიც თავისი წვლილის შეტანა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენ ამ გზით ვცდილობთ, დავეხმაროთ ტყვეობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს”.
სომალიში 16 ქართველი მეზღვაური ჰყავთ დატყვევებული (ყველა მათგანი ბათუმელია). გასულ კვირას ტყვე მეზღვაურების ოჯახის წევრებმა, მათი გათავისუფლების მხარდაჭერის მოთხოვნით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. რა გადაწყვიტა ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ, საზოგადოებისთვის უცნობია.
დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრით მიღებული ინფორმაციით, ტყვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მეკობრეები მათ გათავისუფლებაში ერთ მილიონ დოლარს ითხოვენ.
მეზღვაურთა დახმარების მსურველებს შეუძლიათ სპეციალურ ანგარიშზე შეიტანონ თანხა ან ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან დარეკონ ნომერზე 700 694. ზარის ღირებულებაა ერთი ლარია.