ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ცნობით, 26 მაისს გამოქვეყნებულ „იმედის“ პოსტზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთადაა გამოსახული, 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი გამოვლინდა.
„მოცემულ პოსტში ივანიშვილის გამოსახვას სოციალური მედიის მომხმარებელ მოქალაქეებში ძირითადად უარყოფითი ინტერაქცია, მათ შორის კრიტიკული და სარკასტული კომენტარები და სიცილის რეაქციები, მოჰყვა. მოგვიანებით პოსტის რეაქციებს შორის თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მყისიერად გაიზარდა მოწონებების რიცხვი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პოსტზე ინტერაქცია მასშტაბურად და კოორდინირებულად იყო ხელოვნურად გაზრდილი.
მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად“, – აცხადებსISFED.
ISFED-ს განცხადებით, ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. კერძოდ, პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს.
„გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა“, – აცხადებს ISFED.
26 მაისს „იმედმა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიამატა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ქარდს და ისე მიულოცა საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი.
მართალია, 26 მაისს ქართული საზოგადოება არა დამოუკიდებლობის აღდგენას ( 9 აპრილი, 1991), არამედ მის გამოცხადებას (26 მაისი, 1918) ზეიმობს, მაგრამ მაინც გაჩნდა კითხვა: ჰქონდა თუ არა რაიმე როლი ბიძინა ივანიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენაში, ან ზოგადად იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელ საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა?
მოკლე პასუხია – არა.
ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი დისიდენტები იყვნენ. თუმცა, სანამ ისინი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკისგან დისტანცირებული იყო, რუსეთში ცხოვრობდა და იქ ბიზნესს აკეთებდა.
