ევროკავშირმა სომხეთს ახალი თაობის დისტანციურად მართვადი განაღმვის მანქანა გადასცა, რომელიც გამოიყენება განაღმვით სამუშაოებსა და დელიმიტაციის პროცესში. მანქანა 20 ტონამდე იწონის.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების სამსახურის (FPI) ხელმძღვანელმა პეტერ ვაგნერმა განაცხადა.
მისი თქმით, მანქანა იმ ფართო ღონისძიებებისა და პროექტების პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა სომხეთში სამშვიდობო პროცესისთვის განახორციელა – ეს პაკეტი განაღმვის სფეროში მთელ რიგ ქმედებებს მოიცავს.
„ეს მანქანა განაღმვის შესახებ 5,5 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტის ნაწილია, რომელიც მოიცავს მრავალ დამატებით ელემენტს და ბევრ ტრენინგს, რადგან მანქანების ტექნიკურად გამოყენება რთულია. პაკეტი ასევე მოიცავს უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობას, რომლებიც ადგილზე განაღმვითი ოპერაციების ნაწილია. ის ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების დიდ რაოდენობას, ვინაიდან მანქანა დისტანციურად იმუშავებს ძალიან რთულ, ზოგჯერ მთიან პირობებში“, – ციტირებს პეტერ ვაგნერს სომხური მედია.
