ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია გამოქვეყნდა.

დეკლარაცია 6 პუნქტისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი უკრაინას შეეხება.

უკრაინის შესახებ პუნქტში წერია, რომ მის დასახმარებლად ალიანსის მოკავშირეები 70 მილიარდ ევროს გამოყოფენ.

გარდა ამისა, დეკლარაციაში საუბარია რუსეთის მხრიდან მომავალ გრძელვადიან საფრთხეზე, ირანზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ნატოს ფარგლებში უფრო ძლიერ ევროპაზე.

კერძოდ, ნატოს ანკარის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ:

  1. ჩვენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები, შევიკრიბეთ ანკარაში, რათა კვლავ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური კავშირის მიმართ. თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური ძალა რჩება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლად თავისუფალი და დემოკრატიული ერების ალიანსში შემავალი ერთი მილიარდი მოქალაქისთვის. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ შეკავებისა და თავდაცვისადმი ჩვენი 360-გრადუსიანი მიდგომისა.
  2. ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთის მხრიდან მომავალი გრძელვადიანი საშიშროებისა და ტერორიზმის მუდმივ საფრთხესთან დასაპირისპირებლად მოკავშირეები ასრულებენ ჰააგის თავდაცვის ვალდებულებას. 2025 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ძირითად თავდაცვით მოთხოვნებში თავიანთი ინვესტიციები 139 მილიარდზე მეტი აშშ დოლარით გაზარდეს. ჩვენი ინვესტიციები უზრუნველყოფს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გვჭირდება და, ამავდროულად, აძლიერებს ჩვენს სამრეწველო ბაზასა და მედეგობას. დღეს ანკარაში ჩვენ ვაცხადებთ 50 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების ახალი შესყიდვების შესახებ და ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოოთ კოლექტიური წარმოების სიმძლავრეები და ვითანამშრომლოთ ინდუსტრიასთან ინოვაციების დასაჩქარებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად და გამოვიყენებთ ნატოს პარტნიორობას თავდაცვის ინდუსტრიული სიღრმისა და თანამშრომლობის მაქსიმალურად გასაზრდელად.
  3. ჩვენ ვაშენებთ მომავალს: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ ნატოში – მოდერნიზებულ ალიანსს. ევროპელი მოკავშირეები და კანადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებენ ალიანსის თავდაცვაზე. ნატოს შეკავება და თავდაცვა ეფუძნება ბირთვული, კონვენციური და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების სათანადო კომბინაციას, რომელსაც ავსებს კოსმოსური და კიბერრესურსები. ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ ჩვენი საბრძოლო უპირატესობა. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს ჩვენს შესაძლებლობებში, რათა განვათავსოთ, უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და მივაღწიოთ ჩვენს მიზნობრივ შესაძლებლობებს ყველა სფეროში, მათ შორის: შორეული მოქმედების მაღალი სიზუსტის დარტყმებში, ინტეგრირებულ საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, უპილოტო სისტემებში, მოწინავე ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო შესაძლებლობებში. ჩვენ ვავითარებთ ურთიერთთავსებად ტრანსატლანტიკურ საბრძოლო ღრუბლოვან სისტემას (warfighting cloud) და ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტის მძლავრ მოდელებს.
  4. უკრაინას თავისი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერაში, რათა მან დაიცვას თავისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამჟამად ევროპელი მოკავშირეები და კანადა ორმხრივი და მრავალმხრივი არხებით აფინანსებენ უკრაინისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების დახმარების უდიდეს ნაწილს. მოკავშირეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი. 2026 წლისთვის მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, დახმარებისა და წვრთნებისთვის, და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ მზაობას, შეინარჩუნონ მინიმუმ ამავე დონის მხარდაჭერა 2027 წელსაც. ამ მიზნით ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის მრავალწლიანი დაფინანსების შესახებ, უკრაინის მხარდაჭერის სესხის მეშვეობით.
  5. ალიანსი აგრძელებს რეაგირებას და ადაპტაციას სტრატეგიულ კონკურენციასთან, ყოვლისმომცველ არასტაბილურობასთან, ჰიბრიდულ საფრთხეებთან და პერიოდულ შოკებთან, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ფართო უსაფრთხოების გარემოს. მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მოუწოდებენ მას, სრულად სცეს პატივი ნავიგაციის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში.
  6. მადლიერებას გამოვხატავთ თურქეთის მიმართ ჩვენთვის გაწეული გულუხვი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველოდებით ჩვენს მომავალ შეხვედრას.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს სამიტი 7-8 ივლისს გაიმართა. საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული არ ყოფილა.

სამიტის მიმდინარეობის პარალელურად მაკა ბოჭორიშვილმა თურქეთში მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც იმართება თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით. აღნიშნული ღონისძიება ნატოს სამიტის ნაწილი არაა.