საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება. მისივე ინიციატივით, ამ საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნანუკა ჟორჟოლიანი უნდა იყოს.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს, 8 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა თანამდებობის პირს უმთავრდება წესდებით დადგენილი უფლებამოსილება და ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს.
პოსტში აღნიშნულია, რომ ივლისის ბოლოს დაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. სააკაშვილის აზრით, „დიქტატურის ჩარევის პირობებში, ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ის ციხეშია არის ჩვენი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი“.
სააკაშვილი წერს, რომ საბჭო „პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც“.
„მე ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც.
ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა.პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია. რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი.
ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნამ მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ხელი ძალიან შემიშალა. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი, მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ პირადად არ ვიცნობ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად, სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან.
შემოდგომაზე რეფორმატორთა საბჭო გამოაცხადებს ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას. მოძრაობა გახდება მაქსიმალურად ჰორიზონტალური, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა წევრი და აქტიური მხარდამჭერი, ფორმალური თანამდებობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა და ყველა შიდა სტრუქტურა იქნება საყოველთაო კენჭისყრით არჩევადი და შეცვლადი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოემხაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და დაწერა, რომ „ეს იქნება მცდელობა საქმიანი კოალიციის“. მისი განცხადებით, რეფორმების პროცესში ჩართული იქნება ყველა ინდივიდუალურად, მათ შორის, ემიგრანტებიც.
„ვინ იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე?! ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული, პოლიტსაბჭოს წევრები, პრიორიტეტი ხდება რეგიონი, ნაციონალური მოძრაობის ქალი წევრები და ამომრჩევლები, რადგან ჩემი აზრით ამ პარტიის მთავარ ძალას ისინი წარმოადგენენ.
გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი, რომ ჩართულობა შეიძლება მაქსიმალურად აქტიურ ფაზაში იყოს.
ჩემი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად იცით, რომ ყველაფერი იქნება საჯარო და ღია ვარ დისკუსიისთვის. მოგისმენთ და თქვენთან ერთად შევქმნი დღის წესრიგს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
