მერიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პირველადი შეფასებით, მარიჯანის 4 ნომერში, სადაც გუშინ მიწის ნაწილი ჩამოიშალა, ცხოვრება უსაფრთხოა.
პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მოსახლეობას აღნიშნული ინფორმაცია გამგებელმა მიაწოდა.
6 ივლისს მიწის ნაწილი სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს ესაზღვრება. როგორც ცნობილია, ადგილზე თავდაპირველად სამშენებლო სამუშაოებს „ცენტრ პოინტი“ აწარმოებდა, შემდეგ კი მშენებლობა სხვა დეველოპერმა გააგრძელა.
დღეს ადგილზე იმყოფებოდა გამგებელი, ლევან ყიფიანი, რომელმაც „ფორმულას“ კითხვას, „რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო, თქვენ იღებთ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“, ასე უპასუხა:
„ჩვენ როგორ ავიღებთ, კერძო მშენებლობაა და დეველოპერი აშენებს. […] პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დეველოპერმა კომპანიამ, რომელმაც უნდა აწარმოოს სამუშაოები შესაბამისი სტანდარტების დაცვით. […] ჩვენ იმიტომ ვართ [აქ], რომ მოსახლეობასთან გვქონდეს ახლო კომუნიკაცია, გავიგოთ, რა პრობლემაა, არის თუ არა საფრთხის შემცველი ამ სახლში ცხოვრება. ეს პირველადი შეფასებით გვაქვს ინფორმაცია, რომ არ არის საფრთხის შემცველი აქ ცხოვრება, თუ იქნებოდა საფრთხის შემცველი, მუნიციპალიტეტი მზად იყო, რომ უზრუნველეყო აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანა, ან შესაბამის სასტუმროში გადაყვანა“.
გამგეობაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ კომპანია დაჯარიმდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები შეჩერებულია. გამგეობაში ამბობენ, რომ დაელოდებიან საბოლოო დასკვნას და შემდეგ იმსჯელებენ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ქვაბულის გამაგრებისთვის.
