რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, ცხინვალში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ დანიშნულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მარატ კამბოლოვს შეხვდა.
ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს [ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე სექტემბერში] რუსეთის მოქალაქე, მარატ კალამბოვი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ცვლილებები ცხინვალის პოლიტიკაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა 9 მაისს “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს. ამ ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რუსეთის მოქალქეებსაც შეუძლიათ.
ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კამბოლოვის წინამორბედი ალან გაგლოევი და მისი გუნდი კრემლმა ფინანსურ ნაწილში არასაკმარისი ნდობის გამო “მოიშორა” და კრემლში მუშაობა სიმბოლურად შესთავაზა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ნიჟნი ზარამაგის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობას.
„განვიხილეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს დააჩქარებს და მოქალაქეებისთვის ამ პროცესს უფრო კომფორტულს გახდის“, – განაცხადა კამბოლოვმა.
ცხინვალის ცნობითვე, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მოდერნიზაციაზე, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
კირიენკოს თქმით, პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის დასაქმებაა – “სამხრეთ ოსეთი უნდა გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ კარიერის შექმნასა და ოჯახების დაფუძნებას”.
ვიზიტის ფარგლებში კირიენკომ და კამბოლოვმა დაათვალიერეს ტერიტორიებიც, სადაც მომავალში თანამედროვე ახალგაზრდული სივრცის მოწყობა იგეგმება. კამბოლოვის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეირჩეს ადგილი, რომელიც ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი იქნება.
მისივე განცხადებით, “სამხრეთ ოსეთში აუცილებელია საცხოვრებელი მშენებლობის მასშტაბების გაზრდა, საბინაო პროგრამების გაფართოება და ისეთი პირობების შექმნა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტებმა და ოჯახებმა საკუთარი მომავალი რესპუბლიკას დაუკავშირონ”.
