პირველად 2024 წლის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ უკრაინის შესახებ დასკვნები ერთსულოვნად მიიღო.
ევროპული საბჭოს თითოეული სხდომის დროს მიიღება დასკვნები (conclusions), რომლებიც ფაქტობრივად ასახავს ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ყველა წევრ სახელმწიფოს შორის კონსენსუსს საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხი ევროპული საბჭოს სხდომების დღის წესრიგში მუდმივად პირველია, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გამო, მასზე შეთანხმებული დასკვნები 2024 წლის დეკემბრის სამიტის შემდეგ არ მიღებულა. სანაცვლოდ, 2025 წლის მარტის სამიტებიდან მოყოლებული, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამოსცემდა ცალკე განცხადებას 25 ან 26 ქვეყნის მხარდაჭერით.
თუმცა ვითარება შეიცვალა პეტერ მაგიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ევროპული საბჭოს 18-19 ივნისის სხდომას იგი პირველად დაესწრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში და დაეთანხმა დასკვნას, რომელშიც ვკითხულობთ:
„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას“.
ევროპული საბჭოს დასკვნებით ასევე შეიძლება განისაზღვროს კონკრეტულ საკითხზე შეთანხმების ვადა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებმა გვერდი აუარეს უკრაინასთან შემდგომი მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის თარიღის დაკონკრეტებას და ელჩების მიერ მომზადებული სამუშაო ვერსიიდან ამოიღეს ჩანაწერიც: „რაც შეიძლება მალე“.
უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები ფუნდამენტური კლასტერის მიხედვით 15 ივნისს გაიხსნა. ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს 6 თემატურ კლასტერში გადანაწილებული ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) 35 თავის მიხედვით. კიევს დანარჩენი ხუთივე კლასტერის გახსნა ზაფხულის არდადეგებამდე სურს, რისი მზაობა ევროკომისიაშიც აქვთ.
უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე წინამორბედის ვეტო მოხსნა, თუმცა დასავლეთ ბალკანეთის გვერდის ავლით, უკრაინის დაჩქარებულ ინტეგრაციას მაგიარი (და როგორც ამბობს, სხვებიც) არ ეთანხმება.
„ძალიან გვიხარია, რომ ზაკარპატიეს ოლქის უნგრული უმცირესობის უფლებებზე უკრაინასთან ისტორიულ გარღვევას მივაღწიეთ. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინის გაწევრიანების პირველი კლასტერის გახსნას. რაც შეეხება ჩვენს შენიშვნებს (და ამაში მარტო არ ვართ), იმაში მდგომარეობს, რომ პირველი კლასტერის გახსნისთანავე დავიწყეთ საუბარი ყველა დანარჩენი კლასტერის გახსნაზე. სიმართლე გითხრათ, წევრ ქვეყნებს შორის აზრები მკვეთრად იყოფა. ვიღაცას სხვაგვარი გაწევრიანების გზა სურს, ვიღაცას ყველაფრის დაუყოვნებლივ გახსნა, ვიღაცას კი მხოლოდ ორი თავის გახსნა. ჩვენ კი ვამბობთ: ახლახან გავხსენით პირველი კლასტერი, ბეჭედიც კი არ გაშრობია. ამჟამად პოზიტიური სიგნალი უნდა გაეგზავნოს იმ კანდიდატებს, ვინც უკვე უზარმაზარი შრომა გასწია“, — განუცხადა მაგიარმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, არ შეიძლება არსებობდეს გაწევრიანების ორი სხვადასხვა სახის პროცედურა.
„კავშირს არ აქვს უფლება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც წლებია მუშაობენ თავების გახსნასა და დახურვაზე, გვერდი აუაროს და სხვა ქვეყნებს განსხვავებული წესებით შესთავაზოს გაფართოების პროცესი. სადაც შედეგებია, უნდა იქნას აღიარებული. ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ინტერესებშია, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდნენ“, — განაცხადა მაგიარმა.
საბოლოო ჯამში, დასკვნებში ჩაიწერა, რომ „ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამთავრობათაშორისო კონფერენციის ჩატარებას და ფუნდამენტური კლასტერის გახსნას და მოუთმენლად ელის სხვა კლასტერების გახსნას, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად“.
ეს ტექსტი განსხვავდება სამუშაო ვერსიისგან, რომელიც „ნეტგაზეთმა“ ნახა და რომელშიც ეწერა:
„ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამთავრობათაშორისო კონფერენციის ჩატარებას და ფუნდამენტური კლასტერის გახსნას და მოუთმენლად ელის სხვა კლასტერების რაც შეიძლება მალე გახსნას, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად“.
ევროპული საბჭოს დასკვნები უკრაინისა და ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ მხარს უჭერს უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტას „სამართლიანი მშვიდობის“ საფუძველზე და უსაფრთხოების მყარი გარანტიებით.
„საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით, აგრესორი არ შეიძლება დაჯილდოვდეს და უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და თავდაცვის უნარი უნდა იყოს გარანტირებული. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ევროკავშირი გადაწყვეტს მისი კომპეტენციის ან მის უსაფრთხოებაზე მოქმედ საკითხებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირი მზადყოფნას აცხადებს, გააძლიეროს ომის დასასრულებლად დიპლომატიურ ძალისხმევაში თავისი ჩართულობა.
ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის უსაფრთხოების სანდო გარანტიების შექმნაში, „მსურველთა კოალიციის“ მეშვეობით და აშშ-თან თანამშრომლობით.
ევროპული საბჭო აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველ ტრანზაქციას 2026 წლის ივნისის ბოლომდე. ის მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა. ამავდროულად, აღნიშნავს უკრაინის მიერ კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობას და მიესალმება მიმდინარე რეფორმებს.
ევროპული საბჭოს დასკვნებში საუბარია ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვის ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებაზეც.
„ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელოს რუსეთის საომარი ეკონომიკის შესუსტება, რათა მან შეწყვიტოს სასტიკი აგრესიული ომი და ჩაერთოს მშვიდობისკენ მიმართულ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომი შემცირების, ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციებისა და საბანკო სისტემის შეზღუდვის მნიშვნელობას“, — აცხადებს ევროპული საბჭო და სანქციების 21-ე პაკეტის სწრაფი მიღებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის ნებისმიერი სახით დახმარება, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდების გზით; გმობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების უკრაინის წინააღმდეგ ომში განთავსებას, ასევე რუსეთისთვის ირანის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მიერ გაწეულ სამხედრო მხარდაჭერას.
EU აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ გამოწვევად რჩება და ევროპის თავდაცვის მზადყოფნა 2030 წლისთვის მკვეთრად უნდა გაიზარდოს.
„წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების შემდეგ, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის ყველა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ევროპული საბჭო მოუწოდებს ძალისხმევის დაჩქარებისკენ ასეთი საფრთხეებისგან დასაცავად, მათ შორის „აღმოსავლეთის ფლანგის მეთვალყურეობის“ პროექტზე მიმდინარე სამუშაოებისა და სხვა ინიციატივებით“, — ნათქვამია დასკვნებში.
ევროკავშირის ლიდერების თანახმად, ევროპამ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინის გამოცდილებიდან ახალ ტექნოლოგიებში და ითანამშრომლოს უკრაინულ ინდუსტრიასთან.
ავტორი: ნინო ჩიჩუა
