ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, გაიხსნას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავი (კლასტერის).

ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანების პროცესის მთავარ საყრდენზე, რაც მოიცავს მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს.

ჩვენ ვხედავთ იმ მძიმე შრომას, რომელიც ამ ქვეყნებმა გაწიეს და მათ ამ ძალისხმევას წინსვლის მკაფიო გზას ვთავაზობთ.

გაფართოება ჩვენი სტრატეგიული არჩევანია. ეს არის ჩვენი საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მომავლისთვის“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. მათთან ერთად განაცხადი გააკეთა საქართველომაც, რომელსაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით მისცეს. თუმცა დემოკრატიული უკუსვლის გამო, ამჟამად საქართველოს გაწევრიანების პროცესიში შეჩერებულია.