14 ივნისს დილიჯანში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის სამუშაო შეხვედრა.

როგორც „არმენპრესი“ წერს, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

“ხაზი გაესვა ორმხრივი უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში. მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ორმხრივი ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ. არმენ გრიგორიანი და ჰიქმეთ ჰაჯიევი შეთანხმდნენ სამუშაო კონტაქტების გაგრძელებაზე და აღნიშნეს, რომ შემდეგი შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართება”.

უშიშროების საბჭოს მდივნის აპარატის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი და მისი თანმხლები დელეგაცია სომხეთში სახმელეთო საზღვრის დელიმიტირებული და დემარკირებული მონაკვეთით, ყველა შესაბამისი პროცედურის გავლით ჩავიდნენ.

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას, რის შემდეგაც მხარეებმა რიგ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო შეთანხმებებსაც მიაღწიეს.