სომხეთის ხელისუფლების პროდასავლური კურსის გამო მოსკოვის გაბრაზების ფონზე, რომელიც სხვადასხვა განცხადებითა და ქმედებით გამოიხატება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სომხეთის მიერ საწევრო შენატანების გადაუხდელობის გამო განიხილავს ორგანიზაციის წესდების იმ მუხლის ამოქმედებას, რომელიც არეგულირებს იმ წევრი სახელმწიფოების მიმართ მოქმედებებს, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
„რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? ეს საკითხი დღეს განვიხილეთ. უკვე ორ წელზე მეტია, რაც სომხეთს ОДКБ-ის ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს. ეს არის შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებით. დღეს შევთანხმდით, რომ განვიხილავთ ОДКБ-ის წესდების შესაბამისი მუხლის ამოქმედებას“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
ОДКБ-ის წესდების მე-20 მუხლის თანახმად, თუ წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში არ შეასრულებს ორგანიზაციის ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულებას, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭო იღებს გადაწყვეტილებას:
- ორგანიზაციაში კვოტირებულ თანამდებობებზე ამ სახელმწიფოს მოქალაქეების წარდგენის უფლების შეჩერების შესახე ;
- ასევე, ორგანიზაციის ორგანოებში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის შესახებ, სანამ დავალიანება სრულად არ დაიფარება.
გარდა ამისა, წესდების მე-20 მუხლი ადგენს, რომ თუ წევრი სახელმწიფო არ ასრულებს წესდების დებულებებს, საბჭოს გადაწყვეტილებებს ან მათი შესრულების მიზნით მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს შეუძლია:
- შეუჩეროს მას ორგანიზაციის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა;
- ან საერთოდ გარიცხოს ორგანიზაციიდან.
ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ისე, რომ აღნიშნული წევრი სახელმწიფოს ხმა არ იქნება გათვალისწინებული.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
