ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, 21-ე პაკეტი წარადგინა.
სანქციების 21-ე პაკეტი ფოკუსირებულია ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსური მომსახურება და კრიპტო-ვაჭრობა. ევროკავშირის სანქციებში პირველად ექცევა თევზჭერა. გარდა ამისა, ევროკავშირი კრძალავს ყოფილი რუსი მებრძოლების შესვლას ევროკავშირში.
„ახლო აღმოსავლეთში არსებულმა კონფლიქტმა და ენერგიის გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ გარკვეულწილად შეამცირა ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ სანქციების სრული ინტენსივობა. ამის გზა კი არის იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის მოგება ნავთობის გაყიდვიდან კვლავ შეზღუდული დარჩეს. ნავთობის ფასის ზედა ზღვარს აქვს ჩაშენებული კორექტირების მექანიზმი ბაზრის შესაბამისად. ის არ იყო შექმნილი ისეთი საბაზრო შოკებისთვის, როგორიც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ, რომ კორექტირება მომავალი წლის იანვრამდე შეჩერდეს. ეს ნავთობის ბაზრებს სტაბილიზაციისთვის დროს მისცემს, რუსეთის შემოსავლებზე ზეწოლა კი შენარჩუნდება. ამავდროულად, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ „ჩრდილოვან ფლოტზე“ იერიშს. დღეს ჩვენ ვთავაზობთ სიაში კიდევ 30 გემის დამატებას, უკვე სანქცირებული 632 გემის გარდა“, — განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირის სამიზნეა ის გემებიც, რომლებიც ეხმარებიან ჩრდილოვან ფლოტს, მაგალითად, საწვავით მომარაგებით. სანქციები მოიცავს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა პორტები, აეროპორტები და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ამუშავებენ.
„საბოლოოდ, ჩვენ ვთავაზობთ რუსეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერების მიყიდვის შეზღუდვას, ისევე როგორც ეს უკვე გავაკეთეთ ნავთობის ტანკერების შემთხვევაში“, — დასძინა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სანქციების ახალი პაკეტით, ევროკავშირი აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კიდევ 31 რუსულ ბანკზე და მესამე ქვეყნების 20 ბანკზე, კრიპტო-ფირმასა თუ პლატფორმასა და ნავთობით მოვაჭრეებზე, რომლებიც ემსახურებოდნენ სანქცირებულ რუსულ სუბიექტებსა და პირებს, ან გვერდს უვლიდნენ ევროკავშირის მიერ მიღებულ ზომებს.
„პირველად, ჩვენ შემოგვაქვს კრიპტო-აქტივების მომსახურებაზე მესამე ქვეყნის სრული აკრძალვის შესაძლებლობა. ეს იქნება ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მასპინძლობენ პლატფორმებს და ეხმარებიან რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ექსპორტის ახალი შეზღუდვები შეეხება ლითონს და შენადნობებს, რომლებიც გამოიყენება საჰაერო-კოსმოსურ და თავდაცვის სექტორებში; დრონებისთვის შემოთავაზებულია ახალი აკრძალვები სახმელეთო მხარდაჭერის აღჭურვილობაზე, ჩამხშობ და გამშვებ სისტემებზე; ევროკომისიის წინადადება მოიცავს 60 მილიონი ევროს ღირებულების ახალი საქონლის იმპორტის აკრძალვას, რაც მოიცავს გარკვეულ ლითონებს, ლითონის მადნებსა თუ ავტონაწილებს.
თევზჭერის მიმართულებით სავაჭრო შეზღუდვები გავრცელდება ბელარუსზეც, რათა მან ვერ შეასრულოს რუსული ვაჭრობისთვის სათადარიგო კარის როლი.
„ჩვენ ვაგრძელებთ დაუღალავ მხარდაჭერას ჩვენი მამაცი მეზობლის, პარტნიორისა და ევროკავშირის მომავალი წევრის — უკრაინის მიმართ. გუშინ ჩვენ გადავრიცხეთ თითქმის 3 მილიარდი ევრო უკრაინის დახმარების მექანიზმიდან. ხოლო ამავე თვეში ჩვენ განვახორციელებთ პირველ ჩარიცხვას უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში. ამრიგად, თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას მივაწვდით 6 მილიარდ ევროს დრონებისთვის და 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების მაკროფინანსურ დახმარებას“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ომის მიუხედავად, უკრაინამ, თავისი წილი სამუშაო შეასრულა, ამიტომ ახლა დადგა დრო, რომ ევროკავშირმაც იგივე გააკეთოს.
„ჩვენ გვაქვს ამის ისტორიული შესაძლებლობა: უახლოეს დღეებში ჩვენ გავხსნით პირველ კლასტერს უკრაინასთან და მოლდოვასთან“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნა 15 ივნისს იგეგმება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭიროებს საბოლოოს შეთანხმებას.
