რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო და პროსამთავრობო მედიასაშუალებებს „რეკომენდაცია“ მისცა, თავიანთ გაშუქებაში ხაზი გაუსვან იმას, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 50%-ზე ნაკლები მიიღო.

ამის შესახებ დამოუკიდებელ რუსულ მედიასაშუალება „მედუზას“  განუცხადა კრემლისადმი კეთილგანწყობილი ერთ-ერთი მსხვილი მედიის თანამშრომელმა.

ამ ცნობის თანახმად, კრემლის მედიასაშუალებებს მიეცათ მითითება, არჩევნების შედეგები ფაშინიანის „მარცხად“ წარმოაჩინონ და ერჩიათ, გამოეყენებინათ ზუსტად ეს სიტყვა. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ბლოკი „რეკომენდაციას უწევს“ , ხაზი გაუსვან არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, რათა „ეჭვქვეშ დადგეს ფაშინიანის ლეგიტიმურობა“.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარტიამ ხმების 49.81% მიიღო. მმართველმა პარტიამ პარლამენტში 105-დან 61 მანდატი მოიპოვა. ეს რეალურად იმას ნიშნავს, რომ ფაშინიანი დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას.

როგორ გაშუქდა არჩევნები რუსული ტელევიზიებით

„პირველი არხი“  – „ოფიციალური მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 50%-ზე ოდნავ ნაკლები დააგროვა, თუმცა დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირების უფლება მოიპოვა“.

როსია 1 – „სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა: მმართველმა პარტიამ  50%-ზე ნაკლები მიიღო, ხოლო ოპოზიციამ, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, ჯამში, თითქმის 40% დააგროვა — ეს არის 460 000 ხმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის წინააღმდეგ“.

ენ-ტე-ვე – „წინასწარი მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 49%-ზე მეტს აგროვებს“.

როგორ გააშუქეს არჩევნები სახელმწიფო სააგენტოებმა და სხვა პროსამთავრობო მედიამ “მედუზის” თანახმად:

„რია ნოვოსტი“ (RIA Novosti)

არჩევნების შედეგების შესახებ ახალ ამბავს სათაურად დაერთო: „ფაშინიანის პარტიამ სომხეთის არჩევნებში ხმების 50%-ის მოპოვება ვერ შეძლო“. შემდგომში სააგენტოს მთავარი მასალა გახდა: „სომხეთის ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია საარჩევნო პროცედურები, განაცხადა ზახაროვამ“.

„რია ნოვოსტი“ ასევე იტყობინებოდა, რომ „ერევანში ბევრი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია არჩევნების შედეგებით“, ხოლო დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ „არჩევნების დროს დაძაბული ატმოსფერო დააფიქსირა“. ბიულეტენების დამუშავების პარალელურად, სახელმწიფო სააგენტო წერდა, რომ „არჩევნებში ფაშინიანის პარტიის უპირატესობა შემცირდა“, ხოლო შემდეგ „კლება განაგრძო“.

გარდა ამისა, „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სვეტი, სათაურით „ნიკოლ ფაშინიანის პიროსის გამარჯვება“, რომელიც სააგენტოს მიმომხილველმა, ირინა ალქსნისმა დაწერა.

„ტასი“ (TASS)

არჩევნების შედეგების შესახებ ახალი ამბავი გამოქვეყნდა, სათაურით: „სომხეთის ცესკო: ფაშინიანის პარტიამ, წინასწარი მონაცემებით, ხმების 49.81% მიიღო“. სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა შემდეგი სიახლეები:

  • „პესკოვი: რუსეთი იღებს ცნობებს სომხეთის არჩევნებზე მრავალი დარღვევის შესახებ“.

  • „ზახაროვა: არჩევნები სომხეთში ოპოზიციაზე ზეწოლის ფონზე წარიმართა“.

  • „ზახაროვა: წინასაარჩევნო კამპანიის დროს დევნა შეეხო მათ, ვინც რუსეთის ფედერაციასთან ინარჩუნებს კავშირებს“.

  • „წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით მიმართავს“.

  • „ექსპერტი ჰოვანისიანი: ფაშინიანის პარტიამ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა“.

  • „დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ სომხეთში არჩევნების დროს დაკავებების დიდი რაოდენობა აღნიშნა“.

ამავდროულად, „ტასმა“ გამოაქვეყნა მიმოხილვითი სტატია, სათაურით: „ფაშინიანის პარტია მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების უფლებას იღებს. არჩევნების შედეგები სომხეთში“.