ოსური მედიის ცნობით, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხები სამხრეთ ოსეთის მთავრობის სხდომაზე განიხილეს, რა დროსაც დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი ძამბოლატ თადტაევი და მთავრობა გადადგა.

ალან გაგლოევის თქმით, საუბარია უმაღლეს დონეზე მიღწეული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულ განხორციელებაზე, რომლებიც ემსახურება ორ სახელმწიფოს შორის მოკავშირეობრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

„უმნიშვნელოვანესი შეთანხმებები მიღწეულ იქნა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შეხვედრის დროს. ამ შეთანხმებების ლოგიკური გაგრძელება გახდა 9 მაისს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებში“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ახალი მთავრობის თავმჯდომარის არჩევამდე დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობას მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ჯიოევი შეასრულებს.

დე ფაქტო მთავრობა გააგრძელებს მუშაობას მანამდე, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობის თავმჯდომარეს არ დაამტკიცებს.

ახალ კანდიდატად კი დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარატ კამბოლოვის კანდიდატურა განიხილება.

„მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელს დაევალება ხელმოწერილი შეთანხმების დებულებებისა და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ ყველა შეთანხმების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია გაგლოევის პრესსამსახურის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ 9 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზაზე და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებისა და რუსეთთან გაერთიანებისკენ მოძრაობისთვის.

უკანასკნელ დღეებში ოსურ ტელეგრამ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, მოსკოვმა უმოკლეს დროში თავად დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის გადადგომაც მოითხოვა.

„მოსკოვი ცხინვალთან სრულ ინტეგრაციას ეტაპობრივად ამზადებს“ – ვანო აბრამაშვილი