სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალია. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.
არჩევნების დაწყებიდან პირველი ექვსი საათის განმავლობაში ხმა 847 226-მა მოქალაქემ მისცა. 2021 წლის არჩევნებზე ამავე დროისთვის აქტივობა 26,8% იყო.
კენჭისყრა მთელ სომხეთში 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება. პირველი წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე საათშია მოსალოდნელი. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 2005 საარჩევნო უბანი.
საკუთარი ხმა უკვე მისცეს არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის ლიდერებმა.
როგორც civilnet წერს, 13:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 293 სავარაუდო დარღვევის შესახებ განაცხადეს, მათ შორის განმეორებითი ხმის მიცემისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევის შემთხვევებზე. 297 პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოცემის ცნობითვე, სხვა ინციდენტებს შორის დაფიქსირდა შეტყობინებები და სატელეფონო ზარები სავარაუდოდ დანაღმული ობიექტების შესახებ, თუმცა შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩენილი არ ყოფილა.
დღეს, 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. სომხეთის მოქალაქეებმა არჩევანი ძირითადად, მმართველ, ნიკოლ ფაშინიანის პარტიასა და პრორუსულ ძალებს შორის უნდა გააკეთონ.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში დარეგისტრირებულია სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი: 16 პარტია და 2 ალიანსი. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ და პრორუსი ოლიგარქისა და მოსკოვის მიერ ირიბად მხარდაჭერილი ნარეკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკი „ძლიერი სომხეთი“.
მმართველი პარტიისა და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსის გამო, ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებისა და სომხეთის ეკონომიკის ღრმა კრიზისის პროგნოზს აკეთებს.
ცხადი პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამო, ფაშინიანს პირდაპირი და ირიბი მესიჯებით მოსკოვიც ემუქრება და “უკრაინის გზას” ახსენებს.
ამასთან, არჩევნებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, მოსკოვი სხვადასხვა გზით და ქსელით ერეოდა სომხეთის არჩევნებში გავლენის მოსახდენად.
IRI-ის კვლევა: სომხეთში ყველაზე მაღალი ნდობით ნიკოლ ფაშინიანი სარგებლობს
