თბილისში, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან ოთხი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
„არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.
ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 177-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
