აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება შედის.
ორივე შესწორების ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. სწორედ ჯო უილსონი იყო „მეგობარი აქტის“ ავტორიც, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, თუმცა აქტი სენატში ვერ დამტკიცდა.
რაც შეეხება თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში შეტანილ შესწორებებს, ერთ-ერთის თანახმად, შეიარაღებული ძალების კომიტეტი ავალებს თავდაცვის მდივანს, არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა, წარადგინოს საქართველოს შესახებ ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია საქართველოსთან სამხედრო-სამხედრო ურთიერთობების შესახებ პოლიტიკური პატიმრების საკითხის გათვალისწინებით.
„თავდაცვის დეპარტამენტის ურთიერთობები საქართველოსთან
კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა იმ პირების უწყვეტი დაკავებისა და პატიმრობის გამო, რომლებიც ფართოდ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად. კომიტეტს მიაჩნია, რომ ეს საკითხი თანმიმდევრულად და მაღალ დონეზე უნდა დაისვას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი ურთიერთობების დროს.
აქედან გამომდინარე, კომიტეტი ავალებს თავდაცვის მდივანს, არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია საქართველოსთან სამხედრო-სამხედრო ურთიერთობებში პოლიტიკური პატიმრების საკითხის ინტეგრირების თაობაზე“, – ნათქვამია საქართველოზე შესწორებაში.
მეორე შესწორება საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას შეეხება. შესწორება თავდაცვის მდივანსა და ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელს ავალდებულებს, რომ სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც შეისწავლის:
- საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აგენტურის შეღწევას;
- საქართველოში რუსული და ჩინური გავლენებისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას.
გარდა ამისა, შესწორება ავალდებულებს სახელმწიფო მდივანს, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, შეიმუშაოს აშშ-ის 5-წლიანი სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს.
შესწორების თანახმად, აშშ-ის 5-წლიანი სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ:
- განსაზღვრავს ორმხრივი კავშირების გაძლიერების კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ გარემოს;
- მოიცავს იმ ინსტრუმენტების, რესურსებისა და დაფინანსების განსაზღვრას, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასახული მიზნების მისაღწევად, და შეფასებას იმისა, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ უმთავრეს მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში;
- მოიცავს იმ მასშტაბების განსაზღვრას, თუ რამდენად უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმა ინვესტირება საქართველოსთან პარტნიორობაში;
- მოიცავს იმის განსაზღვრას, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების მიმართ და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ის მთავრობამ ინვესტირება ქართულ პროექტებში.
