ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთს 50 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს იქნება პირველი ნაწილი მხარდაჭერის პაკეტისა, რომელიც სომხეთისთვის მზადდება.

“ნიკოლ ფაშინიანს ვესაუბრე ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ სომხეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვების შესახებ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება და ეს მიუღებელია.

ეკონომიკურ ურთიერთობებში პოლიტიკური ზეწოლისთვის მოსკოვი სომხურ პროდუქტებზე ექსპორტის შეზღუდვის ბერკეტს იყენებს როგორც იარაღს.

თამაშის ამ წესებს კარგად ვიცნობთ. სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით. ჩვენ ვამზადებთ მხარდაჭერის პაკეტს. ეს მოიცავს დაუყოვნებლივ ფნანსურ დახმარებას 50 მილინი ევროს იდენობით.  მომავალში კი კიდევ უფრო მეტი იქნება”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენის თქმით, მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სომხეთში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვაჭრობის გამარტივებასაც. მსგავსი მხარდაჭერა ექნება ყვავილებსაც, რომლის სომხეთიდან ექსპორტიც რუსეთმა ცოტა ხნის წინ შეზღუდა.

“ხვალ, ლატვიაში ყვავილის 10 000 პარტიის ჩატანა იგეგმება. მას სხვები მოჰყვება”, – წერს ფონ დერ ლაიენი და აზუსტებს, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს ევროპულ და სომხურ ბიზნეს-სექტორს შორის თანამშრომლობას.

“2024 წლიდან დღემდე, “მდგრადობისა და ზრდის გეგმის” ფარგლებში, ევროკავშირის დაეხმარა 7000-ზე მეტ ბიზნესს სომხეთში და ხელი შეუწყო 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას

სომხეთი არის ადგილი, სადაც ნიჭი, ინოვაცია და შესაძლებლობები ერთმანეთს ერწყმის. ევროპული ბიზნესისთვის ეს საკვანძო ადგილია”, – წერს ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა სავაჭრო და სარკინიგზო გზების გახსნის ტენდენცია, მათ შორის თურქეთისა და საქართველოს გავლით.

“სომხეთს აქვს პოტენციალი, გახდეს სტრატეგიული ჰაბი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას.  ჩვენ მზად ვართ, რეგიონული კავშირების ხელახალი გახსნისთვის მხარი დავუჭიროთ სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.