2 დღის წინ მტკვარში გადავარდნილ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა 2 ივნისს თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოხდა.

პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელმა საავარიო სიტუაცია შექმნა. შსს-ს ცნობით, სწორედ დაკავებული მძღოლი დაეჯახა დაზარალებულს, რომელმაც მომხდარის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.