ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა სააგენტო „რესის“ კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები დღეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, რომელიც “სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას აძლევს”.
ამასთან, ჯიოევმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს უარი, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
„მსგავსი უარი რეგიონში სტაბილიზაციის ძალისხმევას ასუსტებს და ახალი კონფლიქტების რისკს ზრდის“.
მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას NATO-სთან, რაც ცხინვალში შეშფოთების მიზეზია.
„სულ ახლახან, მაისში, საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ჩატარდა მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნები NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით. მსგავსი ღონისძიებები, განსაკუთრებით ჩვენი საზღვრების სიახლოვეს, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აშკარა გამოწვევაა“.
მან ასევე გააკრიტიკა თბილისის ქმედებები და გაიხსენა თბილისის მიერ “ოსი სტუდენტის, გოლოევის, გატაცების საქმე”, რასაც პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა.
ჯიოევის განცხადებით, მიუხედავად უთანხმოებებისა, ცხინვალი კვლავ დაინტერესებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა დაინტერესებული მხარის თანასწორ და პატივისცემაზე დაფუძნებულ მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში და ვისწრაფვით, რომ საერთაშორისო დისკუსიებმა კონკრეტული და ეფექტიანი შედეგები მოიტანოს”.
ცხინვალის წარმომადგენელი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინის საკითხზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანის საკითხსაც დააყენებს.
„მსგავს განცხადებებს მიუღებელ ჩარევად მივიჩნევთ იმ საკითხებში, რომლებიც შეიძლება, არსებულ უთანხმოებებს კიდევ უფრო ამწვავებდეს. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხია“.
მისივე თქმით, რუსეთი რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხოლო სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსი სამხედროები მისი უსაფრთხოების „საიმედო გარანტს“ წარმოადგენენ. ჯიოევის განცხადებით, ისინი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე არიან განთავსებული და “მშვიდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ”.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
